კახური ტრადიციული მეღვინეობა (KTW), საქართველოს უმსხვილესი მეღვინეობის კომპანია, რომელიც Forbes Georgia 2020 წლის 50 მსხვილ ქართულ ბიზნეს ოპერატორების სიაში მოხვდა, ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციიდან აცნობეს.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციას მეღვინეობისა და მევენახეობის დარგში ერთ-ერთი ლიდერი კომპანია შემოუერთდა „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ (KTW) სახით. ასოციაცია პანდემიის პირობებშიც განაგრძობს წევრების მიღებას, მათ ინტერესებზე ზრუნვას და მხარდაჭერას, რადგან ბიზნეს სექტორი დღეს განსაკუთრებით საჭიროებს ამას. ვიმედოვნებთ, რომ KTW-ს და BAG-ის თანამშრომლობა ნაყოფიერი და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული იქნება“, - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.
„ KTW ძირითადი ღირებულება ტრადიციებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმაა. შესაბამისად, კომპანია ყოველწლიურად ზრდის ვენახების ფართობებს და არსებული გეგმის მიხედვით 2025 წლისათვის 10,000 ჰექტარს მიაღწევს, თანაც ისე, რომ KTW-ს პროდუქციის ხარისხის კონტროლს „ვენახიდან-თარომდე“ გაუწევს.
აღსანიშნავია, რომ KTW ჯგუფი რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს, მათ შორისაა, მეღვინეობა და მევენახეობა 4 ღვინისა და სპირტის გადამამუშავებელი საწარმოთი, 1100 ჰექტრამდე გაშენებული ვენახები და 3 ღვინის მარანი, ასევე, ხილის გადამუშავება (Nena / ნენა - ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო) და სტუმართ-მასპინძლობის საწარმოები (Akhasheni Wine Resort & Spa - 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო კახეთში; Orbeliani Residence & Garden - სასტუმრო და რესტორანი ახლად გახსნილ ორბელიანის მოედანზე; Chateau Askana - უახლესი პროექტი გურიაში, რომელიც მოიცავს მივიწყებული დასავლური ენდემური ჯიშების აღდგენას და მათ წარმოებას; Chamber of Georgian Wine - ქართული რესტორანი მცხეთაში; Guramishvilis Marani - უმაღლესი დონის ღვინისა და შამპანურის მწარმოებელი; Velistsikhe Veranda - ქვევრის ღვინის მწარმოებელი მარანი, რომლის საფერავიც ბორდოს ღვინის მუზეუმში La Cite Du Vin-ში არის წარმოდგენილი)“,-აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.