„თელასის“ 24.5%-იანი წილი "ბესტ ენერჯი გრუპმა" იყიდა

საპარტნიორო ფონდის საკუთრებაში არსებული „თელასის“ 24.5%-იანი წილი "ბესტ ენერჯი გრუპმა" იყიდა.

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ საპარტნიორო ფონდში განუცხადეს, საჯარო აუქციონში დაინტერესება მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოხატა.

აქციების წილი 32 380 383 ლარად გაიყიდა. საჯარო აუქციონი დღეს გაიმართა. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი 10,511 მლნ დოლარი იყო.

2019 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის წმინდა მოგებამ 14,057 მლნ ლარი შეადგინა, რაც 27,6%-ით ნაკლებია 2018 წელთან შედარებით. 2018 წელი „თელასმა“ 27,628 მლნ ლარის წმინდა მოგებით დაასრულა. 34, 351 მლნ ლარიდან 21,162 ლარამდე შეუმცირდა კომპანიას საოპერაციო მოგება.

რაც შეეხება კომპანიის შემოსავალს, ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, „თელასმა“ შარშან 453,084 მლნ შემოსავალი მიიღო, ეს კი 2%-ით ნაკლებია 2018 წელთან შედარებით. მაშინ კომპანიის შემოსავალი 461, 969 მლნ ლარი იყო. როგორც ანგარიშგებაშია განმარტებული, ამონაგების შემცირება ძირითადად უმსხვილესი მომხმარებლის შპს „ბიეფდისი ჯორჯიას“ მიერ „თელასის“ დატოვება გახდა. 2018 წლის 1-ლი მაისიდან „ბიეფდისი“ ელექტროენერგიის პირდაპირი მომხმარებელი გახდა, „თელასს“ კი ამით 7,573 მლნ ლარის შემოსავალი დააკლდა.

ამასთან, კომპანიას შემოსავალი შეუმცირდა კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე ელექტროენერგიის გაყიდვებიდან - სულ 2,122 მლნ ლარით;

სახელმწიფო სექტორზე ელექტროენერგიის გაყიდვებიდან შემოსავალი კი 628 ათასი ლარით გაიზარდა.

წმინდა მოგებისა და შემოსავლების კლების ფონზე, 2019 წელს „თელასს“ ხარჯები 66%-ით, 17,931 მლნ ლარიდან 29,733 მლნ ლარამდე გაეზარდა.

ცნობისათვის, სს “თელასის” აქციების საკონტროლო პაკეტს (75.11%) ფლობს ნიდერლანდების სამეფოში რეგისტრირებული კომპანია Silk Road Holdings B.V, რომლის დამფუძნებელიც რუსული ენერგოგიგანტი “ინტერ რაოა”.

ელზა წიკლაური