საქართველოში ერთი წლის განმავლობაში უფრო მეტი ადამიანი იღუპება ავტოსაგზაო შემთხვევებით, ვიდრე 30 წლის განმავლობაში სტიქიური უბედურებების დროს გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობაა,- ამის შესახებ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარე დავით მესხიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ლიდერი სტრუქტურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მოვალეობას ვერ ასრულებს.
,,ბოლო 9 თვის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევებით 400-მდე ადამიანი დაიღუპა, საქართველოში გზაზე გარდაცვლილთა რაოდენობა საშუალო ევროპულ მაჩვენებელს 7-ჯერ აღემატება, რაც კატასტროფაა. სტატისტიკურად, ავტოსაგზაო შემთხვევების დაახლოებით 30%-ში წერია დაუდგენელი მიზეზი, როგორ შეიძლება ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი 30%-ში ვერ დაადგინო? ჩვენ ამაზე წლებია ვსაუბრობთ, რომ როგორმე დაიხვეწოს, თუმცა საბოლოო სურათი არ გვაქვს.
მსოფლიო ბანკის ექსპერტების რეკომენდაციით, საქართველოში უნდა შეიქმნას საგზაო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ლიდერი სტრუქტურა, რომელიც თავის თავზე აიღებს სტატისტიკის წარმოებას, მიზეზების დადგენას და ა.შ. შინაგან საქმეთა სამინისტრო უკვე მომხდარზე რეაგირების სამსახურია, საპატრულო პოლიციას და ჭკვიან კამერებს ისიც ეყოფა, რომ მათ მიერ კანონის აღსრულება ძალიან სუსტია“, - აღნიშნა დავით მესხიშვილმა.
„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" თავმჯდომარემ ტექინსპექტირებაზეც ისაუბრა.
მისი განცხადებით, კანონის აღსრულება ამ სფეროში ყველაზე საგანგაშოა, რისი ნათელი მაგალითიც შატილში მომხდარი ტრაგედიაა.
,,ტექინსპექტირების მიზანი არის ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ჩვენ ვხედავთ, რომ ბევრი რამ არის გაჩერებული. სამსახურებს დამოკიდებულება არ აქვთ ჯანსაღი და სწორი. ერთ ინსპექტირების ცენტრში მისული ავტომანქანა ხარვეზდება და ნახევარ საათში ისე, რომ ხარვეზს არ ასწორებს გადის სხვა ინსპექტირების ცენტრში. კანონის აღსრულება ამ სფეროში არის ყველაზე საგანგაშო, თუ გავიხსენებთ შატილის შემთხვევას, იქ ავტომანქანას ტექინსპექტირება არ ჰქონდა გავლილი. დიდი ალბათობით, შეიძლება ინსპექტირების დროს დადგენილიყო მნიშვნელოვანი ხარვეზი და გადარჩენილიყვნენ ის ადამიანები. 40 დღე სატრანსპორტო საშუალებას გადაჰყავდა მგზავრები ისე, რომ არანაირი რეაქცია არაფერზე არ ყოფილა.
ვადა ამოწურული სატრანსპორტო საშუალებები გავატარეთ „ჭკვიან კამერებთან“ სხვადასხვა ქალაქებში და არცერთი ჯარიმა არ გამოიწერა. თუ რეფორმას ვატარებთ მაშინ კანონის აღსრულება რატომ აღარ არის? რჩება ეჭვი, რომ სახელმწიფო ლოიალური ხდება და შედეგი გვაქვს კატასტროფული. შეიძლება, ერთი-ორი ადამიანის სურვილზე იყოს კამერების ჩართვა? ამას რაღაც უნდა არეგულირებდეს. რატომ არის პოპულარული კამერების გამორთვა და შემდეგ ამდენი დაშავებულის, ან გარდაცვლილის მიღება ჩემთვის აუხსნელია“, - განაცხადა დავით მესხიშვილმა.