გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ხილის გადამმუშავებელ კომპანიაში „ჯეო კონცენტრატი“ იმყოფებოდა, სადაც არასტანდარტული ვაშლის მიღების პროცესს გაეცნო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.
მინისტრის თქმით, მოსავლის ჩაბარების პროცესში 7 კომპანიაა ჩართული.
„სახელმწიფოს მიერ მეწარმეებისთვის შეთავაზებული პროგრამა, შიდა ქართლის რეგიონში არსებული საწარმოების სიმძლავრეების სრულად დატვირთვის საშუალებას იძლევა. ორი დღეა დაიწყო მოსავლის ჩაბარება და უკვე 7 კომპანია ჩაერთო პროგრამაში. ვფიქრობ, სახელმწიფოს ეს მხარდაჭერა საკმარისია იმისთვის, რომ რიგების გარეშე მოხდეს მოსავლის ჩაბარება და ფერმერებს პროდუქცია დაუბინავებელი არ დარჩებათ. უნდა აღინიშნოს, რომ გადამუშავებული, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, ძირითადად, ევროკავშირის ბაზარზე გადის, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
„ჯეო კონცენტრატის“ დამფუძნებლის ივანე გოლიაძის განცხადებით, კომპანია პირველივე დღიდან ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში და არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირდა. კომპანია ადგილობრივი ფერმერებისა და გლეხებისაგან იბარებს და გადაამუშავებს არასტანდარტულ ვაშლს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ევროპის ბაზარზე მოხდება.
„ჯეო კონცენტრატი“ არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული კომპანიაა. შპს „ჯეო კონცენტრატი“ 2007 წლიდან საქმიანობს, ხილის გადამმუშავებელ საწარმოში განხორცილებული ინვესტიცია შეადგენს 4 მილიონი ლარს. საწარმოში 50 ადამიანია დასაქმებული.
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.