სუპერმარკეტებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობა შესაძლოა, ახალი კანონით დარეგულირდეს

პარლამენტმა შესაძლოა, მიიღოს კანონი, რომელიც სუპერმარკეტებსა და დისტრიბუტორებს შორის ურთიერთობას დაარეგულირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, კანონის მიღების მიზანია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე საცალო მოვაჭრეების მხრიდან მიმწოდებლების მიმართ უსამართლო კომერციული პრაქტიკის გამოყენების აკრძალვა, მიმწოდებლებსა და საცალო მოვაჭრეებს შორის ინტერესთა ბალანსის უზრუნველყოფა და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა.

„კანონპროექტის მიღების საჭიროება გამოწვეულია იმით, რომ ამ დროისათვის ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს და იმ პრობლემას, რაზეც წინა პუნქტებში იყო საუბარი. მართალია ქვეყანაში მოქმედებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც გარკვეულწილად კავშირშია აღწერილ ურთიერთობებთან, თუმცა იგი სრულყოფილად ვერ ფარავს დასახელებულ პრობლემებს. კერძოდ, კონკურენციის კანონმდებლობა მოქმედებს მაშინ, როდესაც საქმე გვაქვს დომინირებული მდგომარეობის მქონე სუბიექტთან, რომელიც ხელშეკრულების მეორე მხარეს უდგენს ისეთ არასამართლიან პირობებს, რაც შეიძლება დაკვალიფიცირდეს დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენებად. თავის მხრივ, დომინირებული მდგომარეობის ქონა უკავშირდება ბაზარზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლებისა და საბაზრო წილის არსებობას, რომელიც არ უნდა იყოს შესაბამისი ბაზრის 40%-ზე ნაკლები. თუმცა შესაძლებელია არსებობდნენ ბაზრის მსხვილი მოთამაშეები, რომლებიც არ მიიჩნევიან დომინირებული მდგომარეობის მქონედ (ვინაიდან მათი წილი შესაბამის ბაზარზე არ აღემატება 40%-ს), თუმცა ფლობენ მნიშვნელოვან საბაზრო ძალაუფლებას ხელშეკრულების მეორე მხარესთან შედარებით და ასეთ დროს, ამ სუბიექტების მხრიდან მიმწოდებლების მიმართ განხორციელებული უსამართლო კომერციული პრაქტიკა რჩება „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების მიღმა. ამდენად, ბაზარზე არსებული დისბალანსის პირობებში, უსამართლო კომერციული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, აუცილებელია არსებობდეს კანონი, რომელიც სრულად დაარეგულირებს მსგავს ურთიერთობებს და მისი რეგულირების მიღმა არ დარჩება აღწერილი პრობლემები,“-ვკითხულობთ კანონპროექტში.

აღსანიშნავია, რომ კანონის თანახმად, შემოდის ჯარიმა, როგორც უსამართლო კომერციული პრაქტიკის განხორციელებაზე (წლიური ბრუნვის 5%-მდე, განმეორებისას - 10-მდე), ასევე სააგენტოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობაზე (3000 ლარი, განმეორებისას - 5000 ლარი). აგრეთვე, კანონპროექტი ითვალისწინებს 5000 ლარამდე ჯარიმას ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში. პროექტის მიხედვით, კანონის ამოქმედება 2021 წლის 1-ლი იანვრიდან არის დაგეგმილი. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილია.

თაია არდოტელი