საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში, საზოგადოებას ახალი საგანმანათლებლო პლატფორმა - FinEdu.gov.ge წარუდგინა,- ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს.
სებ-ის ცნობით, FinEdu.gov.ge-ზე თავმოყრილია ფინანსური განათლების თემაზე არსებული საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, სასარგებლო რჩევები, კალკულატორები, პუბლიკაციები, ბროშურები, თემატური სახელმძღვანელოები და ბლოგი. აღსანიშნავია, რომ FinEdu.gov.ge მომხმარებელს მიუკერძოებელ და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამის ინფორმაციას აწვდის.
„ფინანსური განათლების ამაღლება ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ეროვნულმა ბანკმა, დაინტერსებული მხარეების ჩართულობითა და მხარდაჭერით, არაერთი პროექტი თუ აქტივობა წარმატებით განახორციელა. FinEdu.gov.ge-ის შექმნის იდეაც სწორედ ამ ამოცანის ეფექტიან განხორციელებას ემსახურება.
დღეს ბაზარზე არსებული ფინანსური პროდუქტები და მომსახურება საკმაოდ მრავალფეროვანი და კომპლექსურია, რასაც, ხშირ შემთხვევაში, ფინანსური ბაზრის მოთამაშეების მხრიდან აქტიური და თავბრუდამხვევი მარკეტინგიც ემატება. რიგითი მომხმარებლისთვის კი, რომელიც მისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ეძებს, ინტერნეტით ამ ინფორმაციის მოპოვება საკმაოდ რთულია, რადგან ის ხშირად გაფანტულია ან საკითხს მხოლოდ ნაწილობრივ ან ტენდენციურად აღწერს. ასევე, სანდო ინფორმაციის ყალბისგან გარჩევაც საკმაოდ პრობლემატურია. სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა FinEdu.gov.ge, სადაც თავმოყრილია მარტივ ენაზე გადმოცემული ობიექტური, მოქმედი კანონმდებლობისა თუ საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი ინფორმაცია.
„ახალი საგანმანათლებლო პლატფორმის FinEdu.gov.ge-ის შექმნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არამხოლოდ ფინანსური განათლების ამაღლების საქმეში, არამედ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხითაც. მოხარული ვარ, რომ დღეიდან მომხმარებლისთვის ერთ სივრცეში იქნება თავმოყრილი ობიექტური, კანონმდებლობის შესაბამისი, მრავალფეროვანი, სასარგებლო და საინტერესო ინფორმაცია. ვიმედოვნებთ, რომ პლატფორმა დროთა განმავლობაში ბევრი თქვენგანის ფინანსურ მრჩევლად იქცევა და შეასრულებს მთავარ მისიას - გახდეს ფინანსური ბაზრის თითოეული მომხმარებლის ცხოვრებაში სანდო და კომპეტენტური ფინანსური მეგზური", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
Finedu.gov.ge-ის ბლოგზე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა, ფინანსური განათლების თემაზე საკუთარი მოსაზრება თუ გამოცდილება მომხმარებელს გაუზიაროს. ვებპორტალზე არსებული ინფორმაცია მუდმივად განახლდება და მომხმარებელს ბევრ საინტერესო ინფორმაციას შესთავაზებს”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.