როგორ შეიცვალა ფასები იმ სასურსათო პროდუქტებზე, რომელთა ფასების ზრდის დაზღვევისთვის ბიუჯეტიდან 10 მლნ ლარი გამოიყო

9 სასურსათო პროდუქტის ფასების ზრდის დაზღვევაზე თავდაპირველად განსაზღვრული 10 მილიონი ლარიდან 1 150 000 ლარი დაიხარჯა, თუმცა „პროგრამამ თავისი ფუნქცია წარმატებით შეასრულა“. ამის შესახებ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მთავრობის კომპლექსური ღონისძიებების შედეგად პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტებზე ფასების შენარჩუნების სახელმწიფო პროგრამის ხარჯი მნიშვნელოვანი არ ყოფილა და 3-დან 4 მილიონ ლარამდე ეკონომიის მიღება მოხერხდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გვთავაზობთ ჩამონათვალს, თუ როგორ შეიცვალა ფასები 2020 წლის აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმ 9 პროდუქტზე, რომელსაც სახელმწიფო სუბსიდიის პროგრამა შეეხო. ფასის ცვლილება მოცემულია სტატისტიკის ეროვნულ სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით. თუმცა, ჩამონათვალში მხოლოდ სუბსიდირებული 7 პროდუქტია, რადგან ხორბლისა და რძის ფხვნილის ფასები არ არის მოცემული.

  • წიწიბურა - 107,79%-ით არის გაძვირებული;
  • ხმელი ლობიო - 29,13%-ით გაძვირდა;
  • მაკარონი და მაკარონის ნაწარმი - 21,94%-ით არის გაძვირებული;
  • ბრინჯი - 15,26%-ით არის გაძვირებული;
  • მზესუმზირის ზეთი - 10,78%-ით არის გაძვირებული;
  • ხორბლის ფქვილი - 10,57%-ით არის გაძვირებული;
  • შაქარი - 5,38%-ით არის გაიაფებული.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, 9 სასურსათო პროდუქტზე ფასების ზრდის დაზღვევისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო. პროგრამა ითვალისწინებდა იმპორტიორი კომპანიებისთვის 2020 წლის 15 მარტიდან 15 მაისის ჩათვლით, პროდუქტების იმპორტის მიზნით, უცხოურ ვალუტაში (აშშ დოლარი და ევრო) გაწეული ხარჯის სავალუტო კურსით გამოწვეული ცვლილების სუბსიდირებას ისეთ პროდუქტებზე, როგორებიცაა: ბრინჯი, მაკარონის ნაწარმი, წიწიბურა, მზესუმზირის ზეთი, შაქარი, ხორბალი, ხორბლის ფქვილი, რძის ფხვნილი და ლობიო.

თაია არდოტელი