„მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, გადმორიცხვები გაზრდილია, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ტურიზმიდან შემოსავლები, რაც საკმაოდ დიდი დანაკარგია და გინდა თუ არა, ისახება ლარის კურსზე“,- ასე აფასებს ეკონომისტი ლაშა გოცირიძე ლარის გაუფასურების ტენდენციას.
ცნობისთვის, 10 დღეში ქართული ვალუტა დოლართან მიმართებით 2 პუნქტზე მეტით გაფასურდა. 1-ლი სექტემბრიდან ლარის კურსი 3,07 ნიშნულიდან 3,09 ნიშნულამდე დაეცა. ამასთან, დღეს დილით Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარი 3,1200 ლარად ივაჭრებოდა, 13:15 საათისთვის კი - 3.0975 ლარად.
ეროვნული ბანკის მიერ 9 სექტემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0975 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6420 ლარია. თუ Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში მიმდინარე პროცესებს ვნახავთ, დღეს შესაძლოა, ქართული ფული კიდევ უფრო გაუფასურდეს.
ლაშა გოცირიძე: „ასეთი მცირე მერყეობის გაჩერებისთვის, მე ვფიქრობ, არ არის საჭირო სებ-ის რეზერვების ხარჯვა. ეროვნულმა ბანკმა ეს ბერკეტი (დოლარის ყიდვა-გაყიდვა) შეიძლება გამოიყენოს მაშინ, როდესაც რადიკალური, შოკური ვარდნა ან დაბალანსება მოხდება.
რაც შეეხება კურსს, როგორც წესი, ზაფხულის პერიოდის შემდეგ ლარს ზოგადად ახასიათებს დევალვაციის ტენდენცია. ეს არ არის პირველი შემთხვევა და წელსაც არ იქნებოდა გამონაკლისი. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, გადმორიცხვები გაზრდილია, მნიშვნელოვნად არის შემცირებული ტურიზმიდან შემოსავლები (ვიცით, რომ „კოვიდის“ გამო უცხოელი ტურისტების ნაკადი რადიკალურად არის შემცირებული), რაც საკმაოდ დიდი დანაკარგია და გინდა თუ არა, ისახება ლარის კურსზე. შესაბამისად, ახლა რა პროცესებიც მიმდინარეობს, არის აბსოლუტურად ბუნებრივი“-აცხადებს ლაშა გოცირიძე.