საქართველომ 8 თვეში დონორების მხრიდან 3 მილიარდ ლარზე მეტი კრედიტები მიიღო. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ საუბრისას განაცხადა, დონორების მხრიდან უკვე ჩამორიცხულია აღნიშნული თანხა, რომელიც უშუალოდ ბიუჯეტის მხარდამჭერ და კონკრეტული პროექტებისთვის გამოყოფილ კრედიტებს მოიცავს.
„ჯამში 8 თვეში დონორების მხრიდან ჩამორიცხულია 3 მილიარდ 45 მილიონი ლარი. აქედან 2 მილიარდ 290 მილიონი ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტებია, ხოლო დანარჩენი - 800 მილიონ ლარამდე სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხებია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, დღეის მდგომარეობით ათვისებულია 9.5 მლრდ ლარი, რაც გეგმის 81%-ია.