ფინანსთა მინისტრის მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, გასულ წელთან შედარებით, 8 თვის მონაცემებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 78 პროცენტითაა შემცირებული, რაც დაახლოებით 1,8 მილიარდ დოლარიან კლებას ნიშნავს. ამის შესახებ მან პარლამენტში მიმდინარე წლის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მიმოხილვისას განაცხადა.
"ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო ტურიზმის სექტორმა. შესაბამისად, ტურიზმში შემოსავლები არის მნიშვნელოვნად შემცირებული. ჩვენ გვქონდა 6 თვეში 456 მილიონი დოლარი სულ ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი. 8 თვეში ეს მაჩვენებელი შეადგენს 483 მილიონ დოლარს. 78 პროცენტითაა შემცირებული გასული წლის 8 თვის მაჩვენებელთან შედარებით და საკმაოდ დიდი მოცულობით 1,8 მილიარდ დოლარამდეა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები შემცირებული. შემცირება თითქმის არაა ფულადი გზავნილების ნაწილში. 6 თვეში იყო 662 მილიონი დოლარი და დაახლოებით 5%-იანი შემცირება იყო, 7 თვეში გზავნილების ოდენობა იყო 829 მილიონი დოლარი ანუ შემცირება იყო 0.4 პროცენტით მხოლოდ", - განაცხადა კაკაურიძემ.
მისივე განცხადებით, მიმდინარე წელს გასული წლის 8 თვესთან შედარებით საგადასახადო შემოსავლებში 330 მილიონ ლარამდე დანაკლისია.