გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ეკონომიკის 5%-იანი ზრდის მაჩვენებელზე დაიგეგმება

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ეკონომიკის 5%-იანი ზრდის მაჩვენებელზე დაიგეგმება. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მომდევნო წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით აღნიშნა, ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა მთავრობაში მომდევნო კვირას იქნება.

„სამინისტროების დონეზე, რომელ უწყებაში რა იქნება, ჯერ ვერ ვისაუბრებ. 2021 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტის განხილვა მთავრობაში მომდევნო კვირაშია და შემდეგ უკვე სამინისტროს შესაბამისი მითითებები ექნება, რა მიმართულებებით უნდა იმუშაოს. დღეს შემიძლია პირველადი პარამეტრები ვახსენო, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დიდი ალბათობით 5% იქნება, მომდევნო წელს დეფიციტის შემცირება მოგვიწევს და ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი 5%-თან ახლოს უნდა იყოს. ყველა ის ვალდებულება, რომელიც სახელმწიფოს მხრიდანაა აღებული, რა თქმა უნდა, გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში. გათვალისწინებული იქნება რესურსი, რომ ის კაპიტალური პროექტები, რომლებიც მიმდინარეა, არ შეფერხდეს“,-აცხადებს გიორგი კაკაურიძე.

რაც შეეხება 2021 წლის ეკონომიკურ ზრდას დარგობრივ ჭრილში, კაკურიძის თქმით, დეტალებზე საუბარი რთულია, თუმცა ტურიზმი წლევანდელთან შედარებით უკეთესი იქნება, მაგრამ 2021 წელს ტურიზმის 100%-იანი აღდგენა ვერ მოხდება.