"ორი დღით ადრე მაინც რომ მცოდნოდა ახალი რეგულაციის შესახებ, ასე არ ვიზარალებდით", - ამის შესახებ ბოტანიკოსი, მებაღე-ბიზნესმენი, გარდენია შევარდნაძის მეპატრონე ზურაბ შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს. აღნიშნულით ის მთავრობის გადაწვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, დღეიდან იუბილეების, ქორწილების, ქელეხების გამართვა აიკრძალა. თავად ქორწინების, როგორც აქტის გაფორმება აკრძალული არაა და შეზღუდვა მხოლოდ ღონისძიების აღნიშვნასთან დაკავშირებულ ნაწილს შეეხება. კერძოდ, ქორწილის მონაწილეთა რაოდენობა 10 პირს არ უნდა აღემატებოდეს.
ზურაბ შევარდნაძე სწორედ ჩაშლილი ქორწილისა და მიღებული ზარალის შესახებ წერს.
"ბიზნესპრესნიუსი" მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
"დღეს ქორწილი უნდა გვქონოდა, კოხტად მორთულ მოკრუჭუნებული. ერთი თვეა, ვათანხმებთ, ვუთანხმებთ, ვწერთ და ვკითხულობთ. გუშინ შუადღეს ვიგებთ, რომ არ გვაქვს უფლება. ხარჯი გაწეული, თითქმის ყველაფერი ნაყიდი, ასორმოცდაათ სტუმარს ეპატიჯებოდა ახალადშექმნილი, ძალიან სიმპატიური ოჯახი. საპატრაძლო ტირის, სასიძო იგინება, ოი, როგორ უწმაწურად იგინება.. სასიმამრო ჩაციებული ღვინის ბედს არკვევს, სადედამთილო ძნებად მოზიდული შეკვეთილი ყვავილის. საქმეა ახლა ეს? ვეჭვობ, შაბათის, კვირის და ყველა დაზამთრებამდე დაგეგმილი წვეულებებიც აღარ გამოვა. ყვავილი უკვე დავარიგეთ, არც საჭმელ სასმელს ვიზარალებთ, შემოუსხდებით მე და ჩემი თანამშრომლები, უსამსახუროდ დარჩენილი მომსახურე პერსონალი და მოვილხენთ. არც მექორწილე ოჯახს ვაზარალებთ და არც არავის ვალში არ დავრჩები, მაგრამ სწორია ასე? ორი დღით ადრე მაინც რომ მცოდნოდა ახალი რეგულაციის შესახებ, ასე არ ვიზარალებდით. რაცაა ისაა, მთავარია ჯანმრთელად ვიყოთ ყველა, მექორწილეც, სტუმარიც ამ წესის დამდგენიც და ჩვენც. უქორწილოდ დარჩენილი, მოწყენილი წყვილი კი დღეს ფოტოგრაფთან ერთად მოვა, რომ ჩვენს ბაღში გადაღებული ფოტოები სამახსოვროდ დარჩეთ",- წერს ზურაბ შევარდნაძე.