იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით ერთი დოლარის ღირებულება 3.10 ლარის ნიშნულზე დაფიქსირდება, იმპორტირებული პროდუქცია გაძვირდება - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსს” დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.
ივა ჭყონიას თქმით, ფასების ზრდა ადგილობრივ წარმოებასაც შეეხება, რადგან ნედლეული მათ შემთხვევაშიც იმპორტირებულია.
,,ჩვენი ორგანიზაცია აერთიანებს კომპანიებს, რომელთა საქმიანობაც, პირდაპირაა მიბმული უცხოურ ვალუტაზე, ძირითადად დოლარზე და ევროზე. ასევე, ხაზგასასმელია, რომ ადგილობრივი კომპანიები, რომლებიც ბაზარზე არიან, ასევე დამოკიდებული არიან ნედლეულზე, რომელიც აგრეთვე იმპორტირებულია. შესაბამისად, ნებისმიერი ასეთი რყევა პირდაპირ აისახება ფასის ცვლილებაზე.
საფასო პოლიტიკის ზედა ზღვარი, დოლარში იყო 3.10 რადგან აქამდე 3.05-3.07-მდე მერყეობდა ლარი დოლართან მიმართებით. 3.10-ი კურსის დაფიქსირების შემდეგ კი, პროდუქციაზე ფასის მატებას უნდა ველოდოთ. ასევე უფასურდება ევროც, შესაბამისად, ეს აძვირებს საწვავსაც და ფასი 20-25 თეთრითაა მომატებული. იმ შემთხვევაში, თუ ლარი გააგრძელებს გაუფასურებას, ბუნებრივად გაიზრდება პროდუქციის ფასიც. პროცესზე, მე რომ არ გავაკეთო კომენტარი, საკმარისია, საქსტატის ოფიციალური სტატისტიკა ნახოთ, რამდენია ინფლაცია და როგორ შეეხო ის, განსაკუთრებით იმპორტირებულ პროდუქციას.”-განუცხადა, ჭყონიამ ,,ბიზნესპრესნიუსს”.
ეროვნული ბანკის მიერ 9 სექტემბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.0975 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6420 ლარია.