„განმტკიცდა ჩვენი გეოპოლიტიკური როლი მასშტაბური რეგიონალური მილსადენების, გაზსადენების პროექტების თვალსაზრისით და აქაც, პრაქტიკულად, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში გავხდით ისტორიული მოვლენის არამარტო მომსწრე, არამედ მონაწილე“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განმარტებით, გაზის სამხრეთის დერეფნის პროექტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე დასრულდა მეორე ეტაპი - „შაჰდენიზი 2,“ რომელმაც ჯერადობით გაზარდა ჩვენი სატრანზიტო მილსადენის გამტარუნარიანობა.
„შარშან გაეშვა ამ დერეფნის აუცილებელი სეგმენტი - „ტანაპი - ტრანს-ანატოლური გაზსადენი“ და ახლა სულ მალე დასრულდება ევროპული მონაკვეთი - ტრანსადრიატიკული ტაპი, რის შედეგადაც აღსრულდება მთავარი ამოცანა, რომ საქართველოს გავლით გაზი ევროპას მიეწოდებოდეს. ეს ნიშნავს უფრო მეტ უსაფრთხოებას, უფრო მეტ სტრატეგიულ მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის და მეტ სიკეთეს ჩვენი მოსახლეობისთვის, რადგან იზრდება ის სარგებელი, ის ქვოტა, რასაც ჩვენ ვიღებთ ჩვენი სტრატეგიული ფუნქციის აღსრულების პროცესში“, - განაცხადა მინისტრმა.
აღნიშნულ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.