აიწევა თუ არა გამოწერილი ნივთების განბაჟების ზღვარი - რა ბედის ელის ინიციატივას

300 ლარიანი ნივთების გამოწერის შემთხვევაში შესაძლოა, განბაჟება აღარ მოგიწიოთ. 13 070 მოქალაქის (დავით რამიშვილი) მიერ ხელმოწერილ და პარლამენტში წარდგენილ პეტიციაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია საკითხის შესწავლა.

„პეტიციას არ ახლავს არანაირი ფინანსური შეფასება, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი ჩვენი თანამემამულის თხოვნაა ამასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ჩვენმა კომიტეტმა დაიწყოს ამ საკითხის შესწავლა და იმის მიხედვით, როგორი სურათი იქნება, რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დაცვით მივცეთ მსვლელობა“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ.

პეტიციის ავტორები მოითხოვენ, რომ მსოფლიოს სხვადასხვა საიტებიდან გამოწერილი ნივთების განბაჟებისას 300 ლარიანი ზღვარი 600 ლარამდე აიწიოს.

„300 ლარიანი ზღვარის აწევა არ გამოიწვევს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელის შეშლას, როგორც ამას მთავრობა იძახის და ამ მიზეზით არ სურს ზღვარის აწევა.

1. მცირე ბიზნესის გავითარებას სწორედაც ბაჟის არსებობა უშლის ხელს, რომელიც მცირე ბიზნესმენს იძულებულს ხდის ელემენტარული, მიზერული საქონლის შემოტანის შემთხვევაშიც კი გასწიოს ზომაზე დიდი ხარჯი, რითაც იზრდება, როგორც პროდუქციის ფასი, ისე ბიზნესის დაკარგვასთან დაკავშირებული რისკები, რითაც მცირე ბიზნესმენს რაიმეს წამოწყების სურვილი ეკარგება;

2. საშუალო და დიდი ბიზნესისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს ინდივიდების მიერ შემოტანილი საქონელი, რომელთა მოცულობა საკმაოდ მცირეა;

3. დოლარის მომატებამ ლართან მიმართებაში კიდევ უფრო გაართულა ეს პრობლემა, ადრე თუ 160-170 დოლარის ნივთის შეძენისას 300 ლარს არ გადააჭარბებდი, ახლა - 90 დოლარს ზემოთ უკვე გიწევს განბაჟება;

4. ზღვარის აწევა, გაზრდის საქონლის მრავალფეროვნებას და გააძლიერებს კონკურენციას, რაც დაარეგულირებს ფასებს და ხარისხს, ვფიქრობთ, ეს მისაღები უნდა იყოს ხელისუფლებისათვის

5. ჩვენ, არ ვითხოვთ, ბაჟის საერთოდ გაუქმებას, მოხდეს დაწესებული 300 ლარიანი ზღვარის აწევა 600 ლარამდე ( 2009 წლის აგვისტომდე ზღვარი იყო 1500 ლარი),“-აღნიშნულია პეტიციაში.

თაია არდოტელი