ევროკავშირი Brexit-ის შეთანხმების დარღვევის გამო ბრიტანეთის წინააღმდეგ სავაჭრო ომს დაიწყებს

ევროკავშირს შეუძლია დაიწყოს სავაჭრო ომი დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ, თუკი ლონდონი დაარღვევს Brexit-ის შეთანხმებას. ამის შესახებ გაზეთი The Daily Telegraph-ი ევროკავშირის დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს, რომელიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გააცნეს.

„კავშირი მიიღებს ყველა საჭირო ზომებს იმისათვის, რომ უზრუნველყოს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შეთანხმების აღსრულება“, - ნათქვამია დოკუმენტში, რომლის ციტატები მოჰყავს გამოცემას.

მისი მონაცემებით, ბრიუსელი მზადაა დავების გადასაწყვეტად კონკრეტული ზომები მიიღოს, მათ შორის, დააკისროს საჯარიმო სანქციები ბრიტანეთს, თუ მისი ხელისუფლება დაარღვევს ვალდებულებებს, რომელიც გაწერილია Brexit-ის შეთანხმებით.

როგორც The Daily Telegraph-ი წერს, თუ ეს ზომები არ იქნება ეფექტური, ევროკავშირი დატოვებს ყველა მოქმედ შეთანხმებას და დაუწესებს მას საბაჟო ტარიფებსა და კვოტებს მომსახურებასა და საქონელზე. გარდა ამისა, შეზღუდვები შესაძლოა, შეეხოს ბრიტანულ ფინანსურ სექტორს, რომელიც რისკავს დაკარგოს წვდომა ევროპულ ბაზარზე.

ლონდონსა და ბრიუსელს შორის სიტუაციის უეცარი გამწვავება გამოიწვია ოთხშაბათს ბრიტანეთს მიერ მიღებულმა კანონპროექტმა, რომელიც მოწოდებულია დაარეგულიროს სავაჭრო საკითხები 2020 წლის 31 დეკემებერს Brexit-ის გარდამავალი პროცესის დასრულების შემდეგ. დოკუმენტში ნათქვამია, რომ „მის ცალკეულ ნაწილებს ექნება ძალა, მიუხედავად შეუთავსებლობისა, ეროვნულ თუ საერთაშორისო სამართალთან“. საუბარია Brexit-ის შეთანხმების ერთ ძირითად პუნქტზე - ჩრდილოეთ ირლანდიის სტატუსის როგორც სუბიექტის გამყარებაზე, რომელიც დიდი ბრიტანეთის სავაჭრო სივრცის ნაწილია და ამავდროულად ინარჩუნებს წვდომას ევროკავშირის ერთიან ბაზარზე.

აღნიშნულმა ბრიუსელში მძაფრი რეაქცია გამოწივია, ლონდონის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს შოტლანდიამ და უელსმაც და ვაშინგტონმაც კი. Financial Times იმასაც კი წერდა, რომ არაა გამორიცხული ბრიუსელმა ლონდონს სასამართლოში უჩივლოს ამ კანონპროექტის გამო. ამ დროისთვის Brexit-ის შემდგომი სავაჭრო შეთანხმებაზე მუშაობა, ფაქტობრივად, ჩიხშია შესული.

კოკა კვირკველია