ამ ეტაპზე ინფიცირებულთა არსებული მატება გახლავთ ბოლო პერიოდში მობილობის გაზრდის, რეგულაციების შესრულების შესუსტების შედეგი,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ კორონავირუსით ინფიცირების გაზრდილ შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის მეორე ტალღა უნდა იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის შუა რიცხვები.
„შემოდგომის დადგომასთან ერთად დაავადების მატება მოსალოდნელი იყო, იმიტომ რომ მეტ-ნაკლებად შემოდგომა უკავშირდება მწვავე რესპირატორული ვირუსული დაავადებების აქტივობების მატებას. მაგრამ ეს მატება, რასაც ჩვენ მეორე ტალღას დავარქმევთ, ალბათ შემოდგომაზეა ლაპარაკი, ვსაუბრობთ, რომ უნდა იყოს ოქტომბრის ბოლო ან ნოემბრის შუა რიცხვები, მაგრამ თუ ეს ცოტა ადრე დადგება, ვერ გეტყვით. ამ ეტაპზე გვაქვს დაავადების მნიშვნელოვანი მატება, მეორე ტალღად შეიძლება ჩაითვალოს თუ არა ასეთი მატება, ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ჩვენ მეორე ტალღაზე არ ვლაპარაკობთ. მეორე ტალღა დაკავშირებულია თვითონ დაავადების მიმდინარეობის ხასიათზე, როდესაც ის იცვლის ხასიათს ან სეზონი იცვლება, მეორე ტალღას და მასთან დაკავშირებულ მატებას, მაინც ყოველთვის სეზონს ვუკავშირებთ, ესაა გვიანი შემოდგომა,“-განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.