„ქართული ოცნების" სიის პირველ ათეულში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი მოხვდა. კერძოდ, ის სიაში მე-8 ნომრად არის წარდგენილი. შეგახსენებთ, რომ ქვრივიშვილი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე 2019 წლის თებერვალში დაინიშნა. მანამდე ქვრივიშვილი კომპანია „ვოიაჟერის“ დირექტორი იყო, რომელიც საქართველოში ხუთი ავიაკომპანიის გენერალური დისტრიბუტორია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია მიმდინარე წლის 27 აპრილს შეავსო. დეკლარაციის მიხედვით, მარიამ ქვრივიშვილს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე, 11 თვის განმავლობაში, 2019 წლის თებერვლიდან, ამავე წლის დეკემბრის ჩათვლით, ხელფასის სახით, აღებული აქვს 55 725 ლარი.
რაც შეეხება მარიამ ქვრივიშვილის უძრავ-მოძრავ ქონებას, ის ფლობს მსუბუქ ავტომობილ BMW - x6-ს, რომლის ღირებულებაც 60 000 აშშ დოლარს შეადგენს და რომელიც მან 2018 წელს შეიძინა.
ასევე, Rolex-ის საათს, რომელიც 2016 წელს საჩუქრად მიიღო და მისი ღირებულება 10 000 აშშ დოლარია. ამავე ბრენდის მეორე საათი, მარიამ ქვრივიშვილმა 2017 წელს შეიძინა და მასში 12 000 აშშ დოლარი გადაიხადა. დეკლარაციის მიხედვით, ტურიზის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ეკუთვნის Cartier-ს სამაჯურიც, რომელიც 2017 წელს 7 000 აშშ დოლარად შეიძინა და ამავე ბრენდის ბეჭედი, რომლის ღირებულებაც 3 500 აშშ დოლარია. რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, დეკლარაციის შევსების მომენტში მარიამ ქვრივიშვილს - 22 412 ლარი, 40 119 დოლარი, 4 176 გირვანქა ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. კერძოდ, მისი მეუღლე ფლობს, 2016 წელს, ჯამში 140 000 დოლარად შეძენილ 2 ბინას (97,7 კვ.მ და 94,2 კვ.მ) თბილსში; ასევე, 2010 წელს 147 კვ.მ ფართობის ბინას, რაშიც 98 000 აშშ დოლარი გადაიხადა. ოთარ ბერიშვილი "აჭარა ჯგუფი" ბიზნესის განვითარების დირექტორია. გარდა ამისა, ოთარ ბერიშვილის საკუთრებაშია ავტომობილი Mercedes - E Class, რომელიც 2012 წელს 12 000 აშშ დოლარად აქვს შეძენილი.