„ეარბასს“ გაყიდვები შეუმცირდა

„ეარბასს“ აგვისტოში გაყიდვები შეუმცირდა, რაც რა თქმა უნდა, კორონავირუსის პენდემიის გამო, ბაზარზე მოთხოვნის ვარდნის შედეგია. თუმცა ამის მიუხედავად, ევროპული აეროკოსმოსური გიგანტი მაინც უსწრებს თავის უშუალო კონკურენტს ამერიკიდან, „ბოინგს“.

„ეარბასმა“ გამოაცხადა, რომ თავის კლიენტ ავიაგადამყვანებს აგვისტოში 39 ცალი ლაინერი მიაწოდა. ერთი თვით ადრე, კომპანიის მიერ მიწოდებული თვითმფრინავების რიცხვი 49 იყო, შარშან აგვისტოში კი - 41. გაყიდვების დაახლოებით მეოთხედი მოდის ისეთ დაბალბიუჯეტიან კომპანიებზე, როგორებიცაა ინდური „ინდიგო“ და უნგრული „ვიზეარი“.

შედარებისთვის, „ბოინგმა“ ავიაგადამყვანებს მხოლოდ 13 სამგზავრო თვითმფრინავი მიაწოდა. მის გაყიდვებზე კვლავაც მძიმედ აისახება ლაინერ 737 MAX-ის ორი ფატალური ავარია, რომლებსაც ასეულობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ორივე კომპანია შემცირებული სიმძლავრით მუშაობს, რადგან პანდემიის გამო, ავიაგადაზიდვები მკვეთრად არის შემცირებული. გადამყვანები უზარმაზარ ზარალს განიცდიან და რეისების კლების გამო, ახალ თვითმფრინავებზე მოთხოვნაც ნაკლებია.

„ეარბასს“ წელს უკვე 284 ცალი თვითმფრინავი აქვს მიწოდებული. მაგრამ ეს შარშანდელი იმავე პერიოდის შედეგის მხოლოდ 43 პროცენტია. კიდევ უფრო უარესად აქვს საქმე „ბოინგს“, რომელმაც კლიენტ კომპანიებს რვა თვეში მხოლოდ 87 ლაინერი მიაწოდა. შედარებისთვის, ამერიკულ კომპანიას შარშან ამ დროს 276 ცალი თვითმფრინავი ჰქონდა მიწოდებული.

ორივე კომპანიას შეუმცირდა ფართოფიუზელაჟიანი თვითმფრინავების - „787 დრიმლაინერის“ და A350-ის გაყიდვები. ამის მიზეზი კი პანდემიაა, რომლის გამოც, შორეული ავიაგადაყვანები მკვეთრად არის შემცირებული. „ეარბასმა“ აგვისტოში მხოლოდ 4 ცალი ფართოფიუზელაჟიანი ლაინერის გაყიდვა შეძლო, ამ ოთხიდან ერთი კი საკუთარ სამხედრო შტოს მიაწოდა, ერთი ჰონკონგურ „კათაი პასიფიკს“. გარდა ამისა, „ეარბასმა“ ერთი ცალი A320neo კერძო შემკვეთს მიაწოდა, რომლის ვინაობაც დაფარულია.

რაც შეეხება „ბოინგს“ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მან უკვე მიიღო პირველი შეკვეთა 737 MAX-ზე, რომელსაც მარკეტიგული მიზანშეწონილობის გამო, სახელს შეუცვლის. თუმცა ამავე თვითმფრინავზე ადრე მიღებული შეკვეთების ნაწილი კვლავ გააუქმეს.