საქართველოდან 505 ტონა ვაშლია ექსპორტირებული

10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 505 ტონა ვაშლია ექსპორტირებული. ვაშლის საპროგნოზო მოსავალი, შარშანდელთან შედარებით, 3-ჯერაა გაზრდილი და 120 ათას ტონაზე მეტს შეადგენს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან.

“დარგის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებების შედეგად, საქართველოში წელს, ვაშლის უხვი მოსავალია. 10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან ექსპორტირებულია 505 ტონა ვაშლი, რაც 300% -ზე მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ქართული ვაშლი წელს, რუსეთის ფერედაციის და ყაზახეთის სახელმწიფოს ტრადიციული ბაზრების გარდა - სომხეთის რესპუბლიკასა და სიანგანში (ჰონკონგი) გავიდა. ქართული ვაშლის ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (466 ტონა), ყაზახეთის რესპუბლიკა (37 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (2 ტონა), სიანგანი (0,10 ტონა). ექსპორტირებული ვაშლით მიღებული შემოსავალი 250%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 218 000 აშშ დოლარს წარმოადგენს. სახელმწიფოს მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, 1 128 ჰექტარზე ინტენსიური და ნახევრად ინტენსიური ვაშლის ბაღები გაშენდა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფოს თანადაფინანსებამ 9 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.