გაერთიანებულმა სამეფომ და იაპონიამ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება გააფორმეს

გაერთიანებულმა სამეფომ იაპონიასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება გააფორმა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ეს იაპონიისა და დიდი ბრიტანეთის პირველი მნიშვნელოვანი სავაჭრო შეთანხმებაა ბრექსითის შემდეგ.

ბრიტანეთის მთავრობა აცხადებს, რომ ამ ხელშეკრულებით იაპონიასთან ვაჭრობა 15,2 მილიარდი ფუნტით (16.5 მილიარდი ევრო) გაიზრდება. საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის განცხადებით, დიდი ბრიტანეთის ბიზნესებს იაპონიაში ექსპორტის 99%-ის უტარიფოდ გატანის საშუალება ექნებათ. გადაწყვეტილება დღეს, დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრ ლიზ თრასსა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ მოტეგი ტოშიმიცუს შორის გამართული ვიდეო ზარის დროს მიიღეს.