10 სექტემბერს, დაბა კაზრეთში კომპანია „არემჯის“ „საზაფხულო სკოლა 2020“-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა შემაჯამებელი პრეზენტაციები გამართეს.
საზეიმო ღონისძიება „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ გახსნა, რომელმაც სტუდენტებს აგვისტო-სექტემბერის პერიოდში მიმდინარე პრაქტიკული სწავლების წარმატებით დასრულება მიულოცა.
„მოხარული ვარ, რომ ჩვენს კომპანიაში სტაჟირების გავლის მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. წელს სამთო-გეოლოგიური და ენერგეტიკის ფაკულტეტის 30 სტუდენტი მივიღეთ, რომლებსაც სამთო, გეოლოგიის, გამდიდრების, გროვული გამოტუტვისა და გეოტექნიკური მიმართულებით საუკეთესო სპეციალისტები ჰყავდათ პრაქტიკის ხელმძღვანელებად. მჯერა, რომ „საზაფხულო სკოლის“ დასრულების შემდეგ, სტუდენტები გაცილებით თავდაჯერებულები და მოტივირებულები დაუბრუნდებიან სასწავლო პროცესს და სწავლის დასრულების შემდეგ, ჩვენ კომპანიაში უკვე მაღალკვალიფიციური სპეციალისტების რანგში დაბრუნდებიან,“- განაცხადა „არემჯის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი ანზორ აბშილავა და სხვადასხვა დეპარტამენტის წარმომადგენლები, რომლებმაც ყურადღება სტუ-სა და „არემჯის“ შორის მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობაზე გაამახვილეს.
„მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ორგანიზატორებს და მის მონაწილეებს. დღეს ჩემი მოლოდინები გამართლდა. თეორიული სწავლება არის ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, თუმცა ყველაფერს საკუთარი თვალით დანახულსა და ხელით შეხებულს აქვს თავისი მნიშვნელობა. სტუდენტები, რომლებმაც დღეს „საზაფხულო სკოლის“ დასრულების შემდეგ პრეზენტაციები გამართეს, საუბრობდნენ როგორც პოფესიონალი სამთოელები, გეოლოგები. დღეს ჩემი სტუდენტებით ვარ ამაყი და მჯერა, რომ მათგან კარგი სპეციალისტები დადგება. ამ ყველაფერში კი „არემჯის“ დიდი წვლილი მიუძღვის,“ - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანმა ანზორ აბშილავამ.
სამთო-გეოლოგიური, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის წარჩინებული სტუდენტებისათვის „არემჯის სტიპენდიის“ დანიშვნა, ანაზღაურებადი სტაჟირებებისა და პრაქტიკების ორგანიზება, ფაკულტეტზე არსებული მოძველებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება - ეს ის მიმართულებებია, რომლითაც 2017 წლიდან, „არემჯი“ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აქტიური მხარდაჭერა ხორციელდება.