2020 წელს „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველომ მსოფლიო ლიდერთა ათეულში მე-8 პოზიცია დაიკავა

2020 წელს „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო კვლავ დაწინაურდა და მსოფლიო ლიდერთა ათეულში მე-8 პოზიცია დაიკავა,- ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, Fraser institute-ის 2020 წლის „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს ქულა და პოზიცია გაუმჯობესდა და 8.18 ქულით ლიდერი ქვეყნების ათეულში მე-8 პოზიციას იკავებს. საქართველო 2019 წლის ანგარიშში მე-9 ადგილს იკავებდა.

"რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესება განპირობებულია რიგი ფაქტორებით, როგორიცაა ქვეყნის მშპ-ს ზრდის დადებითი ტემპი ბოლო წლების განმავლობაში, მთავრობის მოხმარების წილის შემცირება მთლიან მოხმარებაში, ტრანსფერების და სუბსიდიების სწორი და მიზანმიმართული სახელმწიფო პოლიტიკა, ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს ფორმირება და სხვ. რეიტინგი „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ ქვეყნებს ხუთი ძირითადი მიმართულებით აფასებს. საქართველომ, წინა წელთან შედარებით, გაიუმჯობესა მდგომარეობა ისეთ ინდიკატორებში, როგორიცაა „სამართლებრივი სისტემისა და საკუთრების უფლებების დაცვა“ და „მყარი ვალუტა“. აღნიშნული ინდიკატორი 23 კომპონენტს აერთიანებს. საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა ისეთ კომპონენტებში, როგორიცაა: მთავრობის მოხმარება - 7.1 ქულა (გაუმჯობესდა 0.2 ქულით); ტრანსფერები და სუბსიდიები - 7.1 ქულა (გაუმჯობესდა 0.2 ქულით); მიუკერძოებელი სასამართლო - 5.10 ქულა (გაუმჯობესდა 0.1 ქულით); საკუთრების უფლებების დაცვა - 5.90 ქულა (გაუმჯობესდა 0.2 ქულით); პოლიციის საიმედოობა - 7.1 ქულა (გაუმჯობესდა 0.1 ქულით); ინფლაციის სტანდარტული გადახრა - 9.6 ქულა (გაუმჯობესდა 0.7 ქულით); ინფლაცია - 9.5 ქულა (გაუმჯობესდა 0.7 ქულით); საგადასახადო ვალდებულების შესრულება - 7.6 ქულა (გაუმჯობესდა 0.05 ქულით). ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოს უმაღლესი - 10 ქულიანი შეფასება აქვს ისეთი მიმართულებით, როგორიცაა: ზღვრული საგადასახადო განაკვეთი; მარეგულირებელი შეზღუდვები უძრავი ქონების რეალიზაციაზე; უცხოურ ვალუტაში საბანკო ანგარიშის ფლობის თავისუფლება; შავ ბაზარზე გაცვლითი კურსების არარსებობა; ფინანსური გახსნილობა; კომერციული ბანკების არსებობა; სესხების საპროცენტო განაკვეთებზე კონტროლი.

„მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველო წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა - ირლანდია (მე-9), ლიეტუვა (მე-10), კანადა (მე-12), დიდი ბრიტანეთი (მე-13), ესტონეთი (მე-14), სომხეთი (მე-17), ლატვია (მე-18), იაპონია (მე-19), გერმანია (21-ე), ჰოლანდია (24-ე), ავსტრია (26-ე), ფინეთი (29-ე), ლუქსემბურგი (31-ე), სამხრეთ კორეა (36-ე), სლოვაკეთი (38-ე), საფრანგეთი (58-ე), პოლონეთი (77-ე), მოლდოვა (78-ე), რუსეთი (90-ე), თურქეთი (99-ე), აზერბაიჯანი (112-ე), ბელორუსი (114-ე), უკრაინა (131-ე) და სხვა.

„მსოფლიოს ეკონომიკური თავისუფლება“ შემუშავებულია კანადური Frazer Institute-ისა და ეკონომიკური თავისუფლების მსოფლიო ქსელის წევრი ინსტიტუტების მონაწილეობით. რეიტინგი ზომავს ქვეყანაში განხორციელებული პოლიტიკური კურსისა და ინსტიტუციების ხარისხს, რაც განსაზღვრავს ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. მონაცემები, რომლებიც მუშავდება ყოველწლიურად, დაფუძნებულია მესამე მხარის მიერ წარმოდგენილ მონაცემებსა და დამოუკიდებელ კვლევაზე 162 ქვეყნისათვის. რეიტინგში გამოყენებული მონაცემების ნაწილი ეფუძნება ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზების კვლევასა და შეფასებებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი და სხვა. Fraser Institute-ის 2020 წლის ანგარიში „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“ 2018 წლის პერიოდს აფასებს. ამასთან აღსანიშნავია, რომ 2020 წლის რეიტინგში განხორციელდა მეთოდოლოგიური ცვლილებები, კერძოდ შეიცვალა რეიტინგის წყაროები და მოხდა გარკვეული ინდიკატორების ამოღება. შედეგად, გადაიხედა „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლების“ რეიტინგში საქართველოს 2017 წლის შეფასებაც. 2020 წლის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს საქართველოს ქულა 7.94-დან 8.14-მდე გაიზარდა და მე-12 პოზიცია მე-9 ადგილით დაკორექტირდა",-აღნიშნულია ინფორმაციაში.