ეკატერინე ტიკარაძე - დიდ ქალაქებში გვაქვს საშუალება, ინტერნეტიზაციიდან გამომდინარე სწავლა ჰიბრიდული მეთოდით დაიწყოს

სწავლის გადავადება დიდ ქალაქებში დამყარებულია იმ პრინციპზე, რომ დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობა ბევრად მაღალია, აქ გვაქვს საშუალება ინერნეტიზაციიდან გამომდინარე სწავლა ჰიბრიდული მეთოდით დაიწყოს“, - ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრის დასრულებისას განაცხადა, სადაც დიდ ქალაქებში სასწავლო პროცესის 2 კვირით გადადებაზე ისაუბრა.

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დიდ ქალაქებში სწავლის გადადებით სასწავლო პროცესი არ შეყოვნდება.

„ყველასთვის ცნობილია, რომ ბოლო 7 თვის განმავლობაში დღეს რეკორდული მაჩვენებელი, 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ შემოდგომის დადგომასთან ერთად იყო მოლოდინი, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა. ამას თან ახლდა შეზღუდვების მოხსნა, რომელიც ეპიდემიოლოგებთან და კლინიკურ ჯგუფთან იყო შეთანხმებული.

ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი სამუშაო ჩავატარეთ. როგორც ჰოსპიტალურ, ასევე პირველადი ჯანდაცვის დონეზე. გაუმჯობესდა მოცულობები ლაბორატორიის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო შემოდგომისთვის და ზამთრისთვის მოსამზადებლად, ვინაიდან ველოდებით ინფიცირებულების რაოდენობის ზრდას.

სწავლის გადავადება დიდ ქალაქებში დამყარებულია იმ პრინციპზე, რომ დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობა ბევრად მაღალია, აქ გვაქვს საშუალება ინერნეტიზაციიდან გამომდინარე სწავლა ჰიბრიდული მეთოდით დაიწყოს, შესაბამისად, არ მოხდება სწავლის პროცესზე შეყოვნება. ჩვენ დამატებით ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან“,-განაცხადა ტიკარაძემ.