საქართველოს პრემიერ - მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს უკვე მიეცა მითითება, რომ უახლოეს დღეებში მზად იყოს 3000 საწოლი, რათა თუ ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კიდევ გაიზარდა, მათ შეძლონ და ეფექტურად უმკურნალონ პაციენტებს. ამასთანავე, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ინფიცირების გაზრდილი რაოდენობის მიუხედავად, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან ეპიდემიოლოგები, კლინიკური ჯგუფი და მთავრობა სრულად აკონტროლებენ სიტუაციას.
„გლობალურად ინფიცირებულების რაოდენობა, სამწუხაროდ, იზრდება. ინფიცირებულების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოშიც და ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ დღეს რანაირი ნაბიჯიც არ უნდა გადავდგათ, ნებისმიერ ნაბიჯს ეყოლება როგორც მძაფრი კრიტიკოსები, ისე მხარდამჭერები, თუმცა ყველაფერს ვაკეთებთ და უნდა გავაკეთოთ ჩვენი მოქალაქეების ინეტერესებიდან და გონივრულობის პრინციპებიდან გამომდინარე. სწორედ ამიტომ, დღეს დილით ჩვენ გვქონდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და შემდეგ გვქონდა კლინიკურ ჯგუფთან სხდომა და გარკვეული ანალიზი მოვახდინეთ პროცესების, რომლებიც მიმდინარეობს გლობალურად და საქართველოში. დღეს საქართველოში ინფიცირებულების ზრდასთან დაკავშირებით, არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს, რამეთუ როგორც ეპიდმიოლოგები, ასევე კლინიკური ჯგუფი და მთავრობა სრულად აკონტროლებენ სიტუაციას და სრულად მართავენ პანდემიის გავრცელების რისკებს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დამატებითი ღონისძიებები ან დამატებითი სიმკაცრე უკვე არსებული ღონისძიებების აღსრულებაში არ უნდა გამოვავლინოთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის დისციპლინა, იმ წესების აღსრულების საქმეში, რომლებიც ჩვენ ყველამ ერთად მივიღეთ. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და დღესაც გავიმეორებთ, რომ გლობალურ პანდემიას ცალკე აღებული ქვეყანა, მათ შორის, საქართველო მარტო ვერ გაუმკლავდება. ამიტომ, ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ეფექტური ადაპტაციის პროცესი, რასაც ჩვენ ვეძახდით ინფექციის სწრაფ გამოვლენას, სწრაფ მკურნალობასა და ჩვენი მოქალაქეების სწრაფად, ნორმალურ სოციალურ -ეკოონომიკურ მდგომარეობაში დაბრუნებას. ეს პრინციპი არსად არ წასულა და ამ პრინციპზე ვრჩებით,“- განაცხადა გახარიამ.
მისივე თქმით, ცოტა ხანში ქვეყანაში 10 ათასი PCR ტესტი ჩატარდება და თუ საჭიროება მოითხოვს, ეს რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
„როცა ჩვენ ვამბობთ, რომ არ არსებობს პანიკის არანაირი საფუძველი, ვგულისხმობთ იმას, რომ ბოლო 5-6 თვე ჩვენ გამოვიყენეთ იმისთვის, რომ ყველა ის სისტემა, რომელიც ჩართულია ეპიდემიის მართვაში, დღეს არის აბსოლუტურად სხვა ფორმაში და სხვა მდგომარეობაში. მაგალითად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისას, მარტიდან ეპიდემიოლოგები საქართველოში ახერხებდნენ დღეში 200-მდე PCR ტესტის გაკეთებას, დღეს ქვეყანაში უპრობლემოდ საშუალოდ 8000 ტესტი კეთდება ზუსტად. უახლოეს პერიოდში ეს რაოდენობა გაიზრდება 10 ათასამდე და თუ საჭირო იქნება, შემდეგ უკვე ამ რაოდენობის ზრდის პერსპექტივაც არსებობს. ჰოსპიტაურ სისტემაში უკვე ყველა პრევენციის მექანიზმი- 112, პირველადი ჯანდაცვის რგოლი, შემდგომ კარანტინი, გამოვლენა, ჰოსპიტალი ეს სისტემა უკვე მუშაობს საათივით და აქ არანაირი შეფერხება არ იქნება. დღეის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს მიეცა დავალება, რომ უახლოეს დღეებში მზად იყოს 3000 საწოლი, იმისთვის, რომ თუ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება, მათ შეეძლოთ სწრაფად და ეფექტურად უმკურნალონ. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინფიცირების რაოდენობა იზრდება, სრულად ვფლობთ და ვმართავთ ამ სიტუაციას. არანაირი საფუძველი პანიკისთვის არ არსებობს,“- განაცხადა გახარიამ.