საქართველოდან 24,788 ტონა ატამი და ვაშლატამაა ექსპორტირებული

10 სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოდან 24,788 ტონა ატამი და ვაშლატამაა (ნექტარინი) ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 87% -ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ექსპორტირებული ატმით და ვაშლატამით მიღებული შემოსავალი 68 %- ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 20,8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

„ქართული ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მაჩვენებელი ქვეყნების მიხედვით ასეთია: რუსეთის ფედერაცია (16,271,1 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (7,467,1 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (567 ტონა), ყაზახეთი (112,9 ტონა), უკრაინა (111,5 ტონა), პოლონეთი (111,5 ტონა), მოლდოვა (89,6 ტონა), სლოვენია (57,3 ტონა), სინგაპური (0,14 ტონა). ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის მოპოვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.