როგორი იქნება ფუტურისტული თვითმფრინავი, რომელმაც არაერთი ექსპერიმენტი უკვე წარმატებით გაიარა (+ფოტო)

ჰოლანდიაში მდებარე დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (Delft University of Technology) მეცნიერებმა ჰოლანდიურ ავიახაზ KLM-თან ერთად მომავლის თვითმფრინავის მოდელი შექმნეს, რომელსაც V-ს ფორმა აქვს და დღესდღეობით არსებულ მოდელებთან შედარებით 2-ჯერ მეტი ადამიანის გადაყვანა შეუძლია.

CNN-ის ინფორმაციით, მგზავრების რაოდენობის გაორმაგებასთან ერთად, ფუტურისტული თვითმფრინავი, მისი ფორმიდან გამომდინარე, სტანდარტულ ხომალდთან შედარებით 20%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს.

ექსპერტების ჯგუფმა ფუტურისტულ ხომალდზე არაერთი ცდა ჩაატარა. მათ თავდაპირველად 22.5 კილოგრამის სიმძიმის 3-მეტრიანი მოდელი შექმნეს, რომელმაც ტესტირება წარმატებით გაიარა. ამასთან, თვითმფრინავი თანამედროვე ავიაციის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

„ერთადერთი პრობლემა, რასაც თავიდან ვფიქრობდით, იყო როგორ შეძლებდა ასეთი ფორმის ხომალდი აფრენა-დაფრენას ისე, რომ მგზავრებს დისკომფორტი არ ეგრძნოთ. ჩვენს მიერ ჩატარებულმა ცდებმა აჩვენეს, რომ ეს გამოწვევაც დაძლეულია და ის ხელისშემშლელ ფაქტორად აღარ განიხილება.“-აცხადებს როელფ ვოსი, დელფტის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი.

პროფესორის თქმით, ახლა, როდესაც მათ მცირე ზომის მოდელი უკვე გამოსცადეს დროა ნამდვილი ხომალდიც ააგონ, რომელსაც კიდევ არაერთი გამოცდა დასჭირდება, მანამ, სანამ არ დადასტურდება, რომ ის მგზავრებისთვის სრულიად უსაფრთხოა.

ბექა ბერიაშვილი