„ჩვენი ფული ქსელებში და მაღაზიებშია“- რატომ ვერ ახერხებს „უმალი“  პროდუქციის ექსპორტზე გატანას

„შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ფული ქსლებში და მაღაზიებშია. შესაბამისად, აღარ გვყოფნის რესურსი, რომ ექსპორტის მიმართულებით ვიმუშაოთ“,- ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ შპს „ახალი თევზის“ გენერალურმა დირექტორმა გენო ნასყიდაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, კომპანიისთვის საკმაოდ რთული იყო პანდემიის პერიოდიც, რადგან ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით, გაძვირდა ნედლეული. თუმცა, პროდუქტის ღირებულება მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, არ გაზრდილა. შედეგად, კი ზიანი წარმოებას მიადგა. როგორც გენო ნასყიდაშვილი ამბობს, სწორედ ამიტომ, კომპანია იძულებულია 14 სექტემბრიდან საკუთარი პროდუქცია 10-15%-ით გააძვიროს.

ცნობისთვის, შპს „ახალი თევზი“ „ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა და ის „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროგრამის" ბენეფიციარია. კომპანია ამ დროისთვის სხვადასხვა დასახელების თევზის სალათს, ზუთხს, კალმახს, მიდიებს, ჯამში კი - 60-მდე სახეობის პროდუქტს აწარმოებს. განსაკურებით ნოვატორული იყო კომპანიის მიერ წარმოებული თევზის ხინკალი, პილმენი, კატლეტი და ბლინი, რომელიც ბაზარზე „უმალის“ ბრენდით იყიდება.

ამ დროისთვის საწამოში 80-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

„პანდემიის პირობებში ზარალი ნამდვილად გვქონდა. ეს რომ თავიდან აგვეცილებინა, უნდა მოგვეხდინა ფასების კორექტირება, რაც არ გავაკეთეთ, მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. შედეგად კი, საკმაოდ სერიოზული ზიანი მივიღეთ. ახლა უკვე იძულებულები გავხდით, 14 სექტემბრიდან მოველაპარაკოთ ყველა ქსელს და 10-15%-მდე გავზარდოთ ფასი. ეს მაშინ, როდესაც ინფლაცია 20%-ს შეადგენს“, - ამბობს გენო ნასყიდაშვილი.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ქსელები თანხას პროდუქტის გაყიდვის შემდეგ აბრუნებენ, რაც ხშირად 3 თვემდე ვადაში იწელება, ამ დროისთვის კომპანას არ აქვს რესურსი, რომ ახალი საექსპორტო ბაზრები მოიზიდოს.

„როდესაც ჩვენი პროდუქტი გადის ქსელებში, ზოგიერთი იხდის 3 თვის შემდეგ (ზოგადად, 60 დღე არის სარეალიზაციო პერიოდი), ზოგიერთი მაღაზია 45 ან 25 დღეში. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ფული ქსლებში და მაღაზიებშია. შესაბამისად, აღარ გვყოფნის რესურსი, რომ ექსპორტზე ვიმუშაოთ. ახლა ბანკი გვაკვირდება და როდესაც გაგვიზრდის დაფინანსებას, ალბათ, უკვე მომდევნო წლიდან ვიფიქრებთ ექსპორტზეც“,-აცხადებს გენო ნასყიდაშვილი.

ნინი ქეთელაური