2050 წლისთვის კლიმატური კატასტროფების გამო 1.2 მლრდ ადამიანს მოუწევს გადასახლება

სიდნეიში არსებული ეკოლოგიური საფრთხეების სააგენტოს ინფორმაციით, პლანეტაზე არსებული კლიმატური კატასტროფების გამო მომდევნო 30 წლის განმავლობაში საკუთარ საცხოვრებლის დატოვება და გადასახლება სულ მცირე 1.2 მილიარდ ადამიანს მოუწევს.

სააგენტოს მტკიცებით, ეს გადასახლება მიგრანტთა ახალ კრიზისა და რესურსებისთვის ბრძოლას გამოიწვევს.

კვლევის მიხედვით, ადამიანთა მასობრივი გადასახლება რამდენიმე ძირითადი ფაქტორით იქნება განპირობებული. ესენია: პლანეტის მოსახლების მკვეთრი ზრდა, წყლის რესურსებისა და საკვების სიმცირე, წყალდიდობები, ციკლონები, გლობალური დათბობის შედეგად ზღვის დონის მატება და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ეს საფრთხეები განსაკუთრებულ პრობლემებს განვითარებად ქვეყნებს შეუქმნის, სადაც სიღარიბე და ეკონომიკური პრობლემები ახლაც თვალშისაცემია. ეს განსაკუთრებით ეხება, აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილს, ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს.

საკვების და წყლის უკმარისობა

ამჟამად დედამიწის მოსახლეობა 7.8 მილიარდია, რაც 2050 წლამდე 10 მილიარდამდე გაიზრდა. ამ დროისთვის კი, პლანეტაზე საკვების მოთხოვნა 50%-ით გაიზრდება და 3.5 მილიარდი ადამიანი შიმშილობის ზღვარზე აღმოჩნდება.

რაც შეეხება წყლის რესურსებს, დღეს სასმელი წყლის პრობლემა პლანეტის 2.6 მილიარდ მოსახლეს აქვს. გლობალური დათბობის შედეგად მოსალოდნელია ასობით მდინარისა და მტკნარი წყლის სხვა რესურსის გაქრობა, რაც 2050 წლისთვის პრობლემას 5.4 მილიარდ ადამიანს შეუქმნის.

ბუნებრივი კატასტროფები

კლიმატის ცვლილების გამო, ბოლო ათწლეულებია პლანეტაზე სტიქიური უბედურებები შესამჩნევად გახშირდა. ექსპერტების ვარაუდით 2050 წლამდე მათი რიცხვი კიდევ უფრო გახშირდება, განსაკუთრებით კი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში.

დამანგრეველი წყალდიდობები, ქარიშხლები და ცუნამები კი მილიარდობით დოლარის ზარალს მოასწავებს.

ბექა ბერიაშვილი