რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას აგრძელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ამჯერად ტენდერი გამოცხადდა იმერეთში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დაბა შორაპნის, სოფელ მეორე სვირის, სოფელ ქვედა საზანოს და სოფელ ცხრაწყაროს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის შესყიდვაზე.
ტენდერთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე:
სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მთავრობა აფინანსებს. სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. ამასთან, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 66 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია. მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო.