"ქართული ოცნების" მომავალი პრემიერობის კანდიდატი კვლავ გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი კი არჩილ თალაკვაძე იქნება. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ გახარია პრემიერის პოსტს 2019 წლის სექტემბრიდან იკავებს, ხოლო თალაკვაძე 2019 წლის ივნისში გახდა პარლამენტის თავმჯდომარე.
2020 წლის 30 მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია უძრავ/მოძრავ ქონებას არ ფლობს. მისმა შემოსავალმა, პრემიერის პოსტზე 2019 წლის სექტემბერ-დეკემბერში 12 854 ლარი; ხოლო იქამდე შს მინისტრის პოსტზე - 41 986 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება მის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში, საბანკო ანგარიშზე 99 ლარი ჰქონდა.
რაც შეეხება მის მეუღლეს, დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს მსუბუქ ავტომობილს - ტოიოტა RAV4-ს, რომელიც 2016 წელს აქვს შეძენილი. მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე - 1 161 ლარი; 553 396 დოლარი და 393 ევრო ჰქონდა. მისმა შემოსავალმა გასულ წელს ავერსის ცენტრალურ კლინიკაში ექიმი-ბაქტერიოლოგის პოზიციაზე 10 175 ლარი შეადგინა. ასევე მისმა წლიურმა გასავალმა უძრავი ქონების ქირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე - 6 500 ლარი შეადგინა.
არჩილ თალაკვაძეს კი ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 24 ნოემბერს აქვს შევსებული, რომლის თანახმადაც მის საკუთრებაშია 109,9 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა თბილისში, ასევე ფლობს მოტოს - Harley-Davidson-ს.
მისმა შემოსავალმა უმრავლესობის ლიდერის პოზიციაზე 2018 წელს - 53 172 ლარი შეადგინა, ხოლო დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე - 14 657 ლარი ჰქონდა.
მისი მეუღლის შემოსავალმა კი ფინანსთა სამინისტროს პიარ-კომუნიკაციების სპეციალისტის პოზიციაზე - 16 552 ლარი შეადგინა. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი - Mini Cooper S, რომელიც 2019 წელს 8 600 დოლარად აქვს შეძენილი.