ვინ შემოიყვანს თბილისში ლურჯ მიკროავტობუსებს - ტენდერში გამარჯვებული კომპანია ცნობილია

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ 300 ლურჯი მიკროავტობუსის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ვინაობა ცნობულია. დედაქალაქში ლურჯ მიკროავტობუსებს „ჯი-თი მოტორსი“ შემოიყვანს. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, „ჯი-თი მოტორსის“ მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო მოთხოვნებს. ამჟამად კი ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ მიკროავტობუსების შესყიდვაზე პირველი - 29-მილიონიანი ტენდერი 2020 წლის აპრილში გამოცხადდა. თუმცა მალევე შეწყდა. მაშინ მიზეზად ქვეყანაში არსებული ვითარება დასახელდა. ხელახლა ტენდერი 22 ივნისს გამოცხადდა, თუმცა ეს შესყიდვაც სატრანსპორტო კომპანიამ მალევე შეაჩერა. როგორც მაშინ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში იყო აღნიშნული, შეწყვეტის მიზეზი მიკროავტობუსების ტექნიკური მოთხოვნების კორექტირება გახდა, რაც "კონკურენტული გარემოს შექმნას" ემსახურება.

მესამე ტენდერი კი 15 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება 17 აგვისტოს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტენდერისგან განსხვავებით, ამჯერად შესყიდვის სავარაუდო ღირებულება გაზრდილი იყო. თავდაპირველად, მერია 300 მიკროავტობუსის შეძენაზე 29,819 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავდა, ბოლო ტენდერის მიხედვით კი შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 497 064 მლნ ლარი იყო. სწორედ ეს თანხა შესთავაზა სატენდერო კომისიას „ჯი-თი მოტორსმა“.

ბოლო ტენდერში მონაწილეობა ორმა კომპანიამ მიიღო - „ჯი-თი მოტორსმა“ და „ჰიუნდაი ავტო საქართველომ“, თუმცა ეს უკანასკნელი ტენდერიდან დისკვალიფიცირდა.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მიკროავტობუსები უნდა იყოს 2020 წელს გამოშვებული, ფერი - ლურჯი "მეტალიკი", გათვლილი უნდა იყოს 17 მგზავრზე; ამასთან, სატენდერო მოთხოვნების თანახმად, მიკროავტობუსს გვერდითა მარჯვენა მხრიდან უნდა ჰქონდეს მგზავრის ასასვლელი გასასრიალებელი კარი ცენტრალური საკეტით. ავტობუსის ჭერი და გვერდითა კედლები უნდა იყოს თბო-იზოლირებული.

შპს „ჯი-თი მოტორსს“, მის მიერ შეთავაზებული ღირებულება 30 497 064 ლარია. კომპანიის მიერ შეთავაზებული მიკროავტობუსები "ფორდის" ფირმის TRANSIT 460 მოდელია.