ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც თბილისში ახალ მიკროავტობუსებს შემოიყვანს

თბილისის 300 ლურჯი მიკროავტობუსს „ჯი-თი მოტორსი“ შემოიყვანს. სატენდერო კომისიის დასკვნის მიხედვით, „ჯი-თი მოტორსის“ მიერ წარმოდგენილი ყველა დოკუმენტაცია შეესაბამება სატენდერო მოთხოვნებს. ამჟამად კი ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს.

„ჯი-თი მოტორსი“ 2010 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-იან წილს შპს „ჯი-თი გრუპი“ ფლობს. ეს უკანასკნელიც 2010 წელს დარეგისტრირდა. რეესტრის მიხედვით, „ჯი-თი გრუპის“ 33% გიორგი თავდიშვილი, 34%-ს გიორგი გველესიანი, 33%-ს კი თემურ უსტიაშვილი ფლობს, რომელიც ასევე არის, როგორც „ჯი-თი მოტორსის“, ასევე „ჯი-თი გრუპის“ დირექტორი.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ტენდერების მონიტორის მიხედვით, „ჯი-თი მოტორსს“ მონაწილეობა მიღებული აქვს 258 ტენდერში, მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება კი 38,412,857 ლარს შეადგენს. (თბილისის მიკროავტობუსები ამ სიაში ჯერ შესული არ არის). ამავე მონაცემებით, „ჯი-თი მოტორი“ ტენდერებში ძირითადად იგებს. მის ანგარიშზეა 180 გამარჯვებული ტენდერი, მხოლოდ 54-ში წააგო.

„ჯი-თი მოტორსმა“ გაიმარჯვა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ ავტობუსების ტენდერშიც. სწორედ მას შემოყვას დედაქალაქში 220 ერთეული ISUZU-ს მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები.

„ჯი-თი გრუპი“ საქართველოში სხვადასხვა სახის სატვირთო და სპეცტენქიკის გარდა, არის „ფორდის“, „სუძუკის“, „რენჯ როვერისა“ და „იაგუარის“ ოფიციალური იმპორტიორი.