Microsoft-ს TikTok-ის ამერიკული ოპერაციების შესყიდვის შეთავაზებაზე უარი უთხრეს

კომპანია Microsoft-ის განცხადებით, მას TikTok-ის ამერიკული ოპერაციების შესყიდვის შეთავაზებაზე უარი უთხრეს.

Wall Street Journal-ისა და Reuters-ის ინფორმაციით, ჩინური კომპანია ByteDance-ს კუთვნილი აპლიკაციის, TikTok-ის შესაძენად მიმდინარე შეჯიბრში კომპანია Oracle-მ გაიმარჯვა. თუმცა, TikTok-ს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

BBC-ი წერს, რომ კომპანია Oracle-ის ხელმძღვანელი ლერი ელისონი დონალდ ტრამპის მხარდამჭერია და მიმდინარე წლის თებერვალში მისთვის ფინანსური სახსრების შეგროვების მიზნით სპეციალური ღონისძიებაც (ე.წ. ფანდრაიზინგი) გამართა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ თუ Microsoft-ი ან სხვა ამერიკული ფირმა 15 სექტემბრამდე TikTok-ს არ შეიძენდა, აპლიკაციას აშშ-ში მოქმედება აეკრძალებოდა. ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ TikTok-ი აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის.