2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 596.5 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 675.7 ათასი ვიზიტი. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 37.2 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის მეორე კვარტალის შესაბამის მონაცემებზე.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 308.4 ათასით განისაზღვრა, რაც 31.4 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
2020 წლის მეორე კვარტალში ვიზიტორების 39.1 პროცენტი მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ამასთან, ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 50.5 პროცენტს შეადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 40.7 პროცენტი ქ. თბილისის მაცხოვრებელია, 11.8 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 11.6 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.