ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგების თანახმად, მოქალაქეების 43%-მა პანდემიის განმავლობაში მთავრობისგან ფინანსური დახმარება მიიღო. ამასთან, მათ შორის ვინც დახმარება მიიღო, 52% აცხადებს, რომ დახმარება საკმარისი იყო.
რაც შეეხება კითხვას, თუ პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ ზიანთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან რომელი პროგრამა დაეხმარებოდა ყველაზე მეტად, გამოკითხულთა 29% უმუშევრობის კომპენსაციას ასახელებს, 26% კომუნალური გადასახადების სუბსიდირებას, 24% დასაქმების პროგრამებს, 15% წამლებით დახმარებას, 11% სესხების განულებას/ჩამოწერას, 10% კი აცხადებს, რომ მთავრობის დახმარება არ სჭირდება.
კვლევა მოიცავს დაგროვებითი სახელმწიფო პროგრამის შეფასებასაც. დაგროვებით საპენსიო პროგრამაში გამოკითხულთა 19%-ია ჩართული, რომელთა 38% აცხადებს, რომ შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, დანაზოგს გაიტანდა. ამასთან, გამოკითხულთა 74% აცხადებს, რომ უკეთესი იქნება, თუ 40 წლამდე მოსახლეობას საშუალება ექნება ხელფასის 2% ნებაყოფლობით გადარიცხოს საპენსიო ფონდში.
ცნობისთვის, კვლევა NDI-მ 6-11 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ორგანიზაციის ცნობით, საქართველოს მასშტაბით 2 045 სატელეფონო ინტერვიუ ჩაიწერა წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვა ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1,3 პროცენტია.