ევროპა ეკოლოგიურ ნორმების გამკაცრებას ისევ აპირებს

ევროკომისია ახალ ავტომობილებში გამონაბოლქვის გამოყოფის ნორმების გამკაცრებას გეგმავს. ეკოლოგების აზრით, იმისათვის, რომ ევროპა 2050 წლისთვის გახდეს სრულად CO₂-ნეიტრალური, საჭიროა უკვე 2030 წლისთვის გამონაბოლქვის დონე შემცირდეს 50%-ით 2021 წლის დონესთან შედარებით.

ევროკომისია, ეს არის ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო, რომელიც პასუხისმგებელია კანონპროექტების მომზადებაზე, ასევე რეგიონის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. უწყება ადგენს ნორმებს გამონაბოლქვთან დაკავშირებით და აჯარიმებს ავტომწარმოებლებს მათი დარღვევისთვის. რეგლამენტის მოქმედი რედაქციით, 2021 წლიდან საშუალო მაჩვენებელი უნდა იყოს 95 გრამი გამონაბოლქვი ერთ კილომეტრზე, 2025 წლისთვის ის 15%-ით უნდა შემცირდეს, ხოლო 2030 წლისთვის 37,5%-ით ახლანდელთან შედარებით. ახალი პროექტის მიხედვით კი ახალ კანონპროექტში ეს ბოლო ნიშნული გაზრდილია 50%-მდე.

ამ კანონპროექტით ევროკომისია კონფრონტაციაში მოდის გერმანულ ავტომწარმოებლებთან, რომლებსაც ან უზარმაზარი ჯარიმების გადახდა მოუწევთ, ან მოუწევთ ბაზარზე გამოიტანონ მოდელები ნულოვანი ან ძალიან დაბალი მავნე გამონაბოლქვის მაჩვენებლით (zero- and low-emission vehicles - ZLEV). სწორედ ამ ავტომობილების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული მიზნობრივი მაჩვენებლის გაზრდის მიღწევა 5%-ით.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის შემოდგომაზე გარემოსდაცვითმა ორგანიზაციამ Greenpeace განაცხადა, რომ მსხვილი ავტომწამროებლების გავლენა გლობალურ დათბობაზე მაღალია, ვინაიდან, თუნდაც მხოლოდ ერთი Volkswagen-ის მიერ წლიურად წარმოებული ავტომობილები იმდენ მავნე გამონაბოლქვს აფრქვევენ ატმოსფეროში, რამდენსაც ჯამურად ავსტრალიის მთლიანი მრეწველობა.

კოკა კვირკველია