ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა, 15 სექტემბრიდან ქვეყანაში შემოსასვლელად PCR ტესტის პასუხი დასჭირდებათ
ქვრივიშვილი განმარტავს, რომ საზღვრის კვეთისას მოქალაქეებმა ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტი უნდა წარმოადგინონ.
„საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ხვალიდან კარანტინის ვადა იზღუდება 9 დღემდე. ყველა იმ ქვეყანასთან მიმართებაში, რომელიც არის ნაცვალგების ქვეყნების ჩამონათვალში და ყველა იმ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ნაცვალგების ქვეყნების მოქალაქეა, ხვალიდან საზღვრის კვეთას კარანტინის გავლის გარეშე შეძლებს, თუკი წარმოადგენენ 72-საათიან ვალიდურობის მქონე PCR ტესტს“, - განაცხადა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
ამასთან, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 16-17 სექტემბერს საქართველო გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მნიშვნელოვან ღონისძიებას მასპინძლობს, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოს Covid-19 თან ბრძოლის წარმატებული ისტორია აქვს.
„საქართველო 16-17 სექტემბერს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინლებს. აღნიშნულ ღონისძიებას რამდენიმე დატვირთვა აქვს და რაც ყველაზე მთავარია, საქართველო კიდევ ერთხელ იქცა გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მხრიდან, როგორც მასპინძელი ქვეყანა, რადგან საქართველო არის მწვანე ზონა. საქართველომ მთელ მსოფლიოს ანახა წარმატებული ბრძოლის ისტორია კოვიდ 19-თან. სწორედ ამიტომ საქართველოს ეწვევა მსოფლიოში ყველაზე გავლენიანი ღირებულების მომტანი საჯარო მოხელეები სხვადასხვა სექტორიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ღონისძიება ყოველთვის ესპანეთში, ქალაქ მადრიდში ტარდება და ეს არის გამონაკლისი, როცა ეს ღონისძიება ესპანეთს გარეთ ჩატარდება“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში საქართველოში ჩამოვლენ ისეთი ქვეყნების წარმომადგენლები, როგორიცაა რუმინეთი, ესპანეთი, საბერძნეთი და საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სხვა ქვეყნები. მისივე თქმით, ღონისძიებაზე უსაფრთხოების ნორმები მაქსიმალურად იქნება დაცული.