თბილისის მერია სიცრუესა და დეზინფორმაციას უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მათ შორის, რაიონების გამგეობები, პენსიონერებზე 200-ლარიან ფინანსურ დახმარებას გასცემს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი დახმარების პროგრამა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში არ მოქმედებს და გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
თბილისის მერია საზოგადოებას მოუწოდებს, მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ.
„გვსურს გამოვეხმაუროთ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, მათ შორის, რაიონების გამგეობები, პენსიონერებზე 200-ლარიან ფინანსურ დახმარებას გასცემს.
აღნიშნული ინფორმაციის გამო, რომელიც სრული სიცრუე და დეზინფორმაციაა, დღეს დილიდან გამგეობების სერვისცენტრებში პენსიონერების რიგები არ წყდება. ისინი აცხადებენ, რომ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით, აღნიშნული დახმარების შესახებ შეიტყვეს.
გვინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ მსგავსი დახმარების პროგრამა თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში არ მოქმედებს. შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად.
მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, მსგავსი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავონ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველ ნაწილს - პენსიონერებს ეხება“, - აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში.