შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, აჭარის რეგიონში 6 ბაზრის 150 მეწარმეს გაფრთხილება მიეცა.
როგორც ფერაძემ დღეს გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ბაზრების შემოწმების შედეგად შეიძლება ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელი ვითარება იყო.
„აჭარის რეგიონში ჩვენ სრულად მოვახდინეთ იმ ობიექტების შემოწმება, სადაც ადამიანთა მობილობის დიდი რაოდენობა იყო. 6 ბაზარი იქნა შემოწმებული და 6 ბაზრის 150 მეწარმეს მიეცა გაფრთხილება. ჯამში შეიძლება ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელი იყო ვითარება, თუმცა კიდევ ერთხელ განემარტათ მეწარმე სუბიექტებს რეგულაციები და ხელმოწერით დაადასტურეს ნაკისრი ვალდებულებების გაცნობა. გარდა ამისა, დაახლოებით, 150 ობიექტზე განვახორციელეთ ზედამხედველობა და მოხდა მათი გაფრთხილებდა ასევე, გეგმური მონიტორინგი“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
ბექა ფერაძის განცხადებით, ბარების, კლუბების, რესტორნების და სხვა კვების ობიექტების შემოწმებისას მნიშვნელოვანი დარღვევები არ გამოვლენილა და ამ მიმართულებითაც ვითარება დამაკმაყოფილებელია.
როგორც ფერაძე აღნიშნავს, ჯამში შემოწმებული 8 სავაჭრო ობიექტიდან, მხოლოდ 1 ბიზნესსუბიექტი დაჯარიმდა.
„რაც შეეხება ქსელურ მარკეტებს და სავაჭრო ობიექტებს, ჩვენი მხრიდან მოხდა გადამოწმება მსხვილი სავაჭრო ობიექტების ისევე, როგორც სხვადასხვა სასურსათო მაღაზიის და დადგინდა, რომ 8 ობიექტიდან დაჯარიმდა ერთი ბიზნეს სუბიექტი, სხვა მიმართულებით აღინიშნებოდა მცირეოდენი ხარვეზები, სადაც მოხდა გაფრთხილება და რეკომენდაციების კიდევ ერთხელ განმარტება“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
ამასთან, შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თქმით, შემოწმებულ 927 მუნიციპალურ ტრანსპორტში, პირბადის გამოუყენებლობისთვის, 358 მგზავრს გაფრთხილება მიეცა.
„ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალურ ტრანსპორტში მოქალაქეების მხრიდან პირბადის გამოყენებაზე თავის არიდება ხდება და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის, მერიის და შრომის ინსპექციის მიერ სამი დღის განმავლობაში 927 საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემოწმდა და 358 მგზავრსს მიეცა გაფრთილება პირბადის გამოყენების თაობაზე“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
ფერაძე განმარტავს, რომ აჭარის რეგიონში 6 სარიტუალო დარბაზი დაჯარიმდა, რადგან მიუხედავად დაწესებული რეგულაციებისა, მაინც ჩატარდა ღონისძიებები და ამ მიმართულებით ქვეყნის მასშტაბით სულ 20 მეწარმე სუბიექტია დაჯარიმებული.