იმპორტიორების მზარდი მოთხოვნის გამო რუსული ხორბალი ისევ გაძვირდა

უკვე მესამე კვირაა რუსული ხორბლის საექსპორტო ფასი იზრდება. ამჯერად მიზეზი თურქეთის მხრიდან პროდუქციის დიდი რაოდენობით შესყიდვა გახდა. რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი ნოვორასიისკის პორტში უკვე 227 დოლარი ღირდა.

2020/2021 წლების მარკეტინგის სეზონის დასაწყისიდან 1-ლი ივლისიდან 10 სექტემბრამდე რუსეთიდან ექსპორტირებულია უკვე 10,2 მილიონი ტონა მარცვლეული, რაც 1% -ით ნაკლებია გასულ წელთან შედარებით.

თუმცა, როგორც ანალიტიკოსები პროგნოზირებენ, უკვე სექტემბერში ხორბლის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზრდება და შესაძლოა, რეკორდიც დაამყაროს. მათი ვარაუდით, სექტემბერში ქვეყნიდან დაახლოებით 5,7 მილიონი ტონა მარცვლეული გავა, აქედან 5,1 მილიონი ტონა ხორბალი იქნება. ეს კი ერთ თვეში ექსპორტირებული მარცვლეულის რეკორდული მაჩვენებელი იქნება.

სექტემბრის დასაწყისში ერთი ტონა რუსული ხორბლის საექსპორტო ფასი 2012 დოლარი იყო. მაშინ საქართველოში ვარაუდობდნენ, რომ ქვეყანაში ფქვილის გაძვირება იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ ხორბლის ღირებულება კიდევ 15 დოლარით გაიზრდებოდა. დღეს რუსული ხორბლის საექსპორტო ფასი უკვე 15 დოლარით არის გაზრდილი, გაძვირდება თუ არა ფქვილი საქართველოში, თანაც იმ ფონზე, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებით ყოველდღიურად უფასურდება, უახლოეს დღეებში გაირკვევა.

შეგახსენებთ, საქართველოში ხორბლის ერთადერთი იმპორტიორი რესეთია. 2020 წლის იანვარ-ივლისში ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყანაში საქართველომ 222,840 ტონა ხორბალი და მესლინი იყიდა, ჯამში 49,371 მლნ დოლარის ღირებულების.