პარლამენტმა შესაძლოა, მიიღოს კანონი, რომელიც სუპერმარკეტებს, დისტრიბუტორებსა და მწარმოებლებს შორის ურთიერთობას დაარეგულირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, კანონპროექტი პარლამენტში უკვე წარდგენილია.
როგორც დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა ივა ჭყონია რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, კანონპროექტში აღწერილი პრობლემები, ზუსტად ასახავს იმ რეალობას, რაც მწარმოებელ, სადისტრიბუციო და იმპორტიორ კომპანიებს აქვთ.
მისივე თქმით, ასოციაციის შექმნის მიზანიც ის იყო, რომ კანონის ძალით ებრძოლათ იმ უკანონობის წინააღმდეგ, რასაც სჩადიან სუპერმარკეტები, ჰიპერმარკეტები თუ ბაზრის ძლიერი მოთამაშეები.
„ბაზარზე რომ პრობლემები არსებობს, ფაქტია. კანონს უნდა არეგულირებდეს ხელშეკრულება და შემდეგ ხელშეკრულებაში არსებული პრობლემები უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ. მაგრამ რომელმა სასამართლომ? როდესაც ამაზე ვსაუბრობთ, უნდა დავამთავროთ, იმიტომ, რომ სასამართლო ჩვენ ქვეყანას არ აქვს და კიდევ დიდი ხანი არ გვექნება. სანამ საკითხის გადაჭრამდე მივალთ, ცალკე საკითხია - რამდენად აქვთ ცოდნა - ბიზნესდავები როგორ წაიყვანონ, რაც კიდევ ბევრი წელი არ ექნებათ,“ - აღნიშნა ჭყონიამ.
შეგახსენებთ, რომ როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, კანონის მიღების მიზანია მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე საცალო მოვაჭრეების მხრიდან მიმწოდებლების მიმართ უსამართლო კომერციული პრაქტიკის გამოყენების აკრძალვა, მიმწოდებლებსა და საცალო მოვაჭრეებს შორის ინტერესთა ბალანსის უზრუნველყოფა და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა.
პროექტის თანახმად, შემოდის ჯარიმა, როგორც უსამართლო კომერციული პრაქტიკის განხორციელებაზე (წლიური ბრუნვის 5%-მდე, განმეორებისას - 10-მდე), ასევე სააგენტოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობაზე (3000 ლარი, განმეორებისას - 5000 ლარი). აგრეთვე, კანონპროექტი ითვალისწინებს 5000 ლარამდე ჯარიმას ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში. პროექტის მიხედვით, კანონის ამოქმედება 2021 წლის 1-ლი იანვრიდან არის დაგეგმილი. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილია.