განვითარებადი აზიის ეკონომიკური ზრდა 2020 წელს დამუხრუჭდება

განვითარებადი აზიის ეკონომიკები წელს თითქმის ექვსი ათწლეულის მანძილზე პირველად დამუხრუჭდება, თუმცა მომავალ წელს ზრდა გაგრძელდება, როცა რეგიონი დაიწყებს კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის დამანგრეველი ეკონომიკური შედეგებისგან აღდგენას - ნათქვამია აზიის განვითარების ბანკის (ADB) დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში.

აზიის განვითარების ბანკის 2020 წლის განახლებული გამოცემა წელს განვითარებადი აზიის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას -0.7%-ით პროგნოზირებს - რაც 1960-იანი წლების შემდეგ პირველი ნეგატიური ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია. 2021 წელს სწრაფი, 6.8%-იანი აღმავლობა დაფიქსირდება, რასაც ნაწილობრივ მისი სუსტ 2020 წელთან შედარება გამოიწვევს. შესაბამისად მომავალი წლის მოლოდინები კვლავ კოვიდ-19-მდელ პროგნოზებზე დაბალი იქნება და V-ს მსგავსი აღდეგენის ნაცვლად, L ფორმის ზრდის მოლოდინი გაჩნდება. რეგიონის ეკონომიკების ერთ მესამედში 2020 წელს ნეგატიური ზრდა დაფიქსირდება.

„აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკების უმრავლესობა 2020 წლის დარჩენილ თვეებში რთულად მიმდინარე ზრდას უნდა ელოდოს,“ — განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ. — „კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური საფრთხე კვლავ რეალურია, რადგან გახანგრძლივებული პირველი ტალღებისა ან დაავადების ხელახალი აფეთქების შემთხვევაში შესაძლოა საკარანტინე რეჟიმები განახლდეს. რეგიონის საბოლოო მდგრადი და ინკლუზიური აღდგენისთვის კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება თანმიმდევრული და შეთანხმებული ნაბიჯების გადადგმას პანდემიის წინააღმდეგ, ასევე პოლიტიკის პრიორიტეტების ფოკუსირებას იმ ადამიანების სიცოცხლისა და სიცოცხლისუნარიანობის დაცვაზე, რომლებიც ისედაც ყველაზე მოწყვლადები არიან. ასევე გადამწყვეტი იქნება სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო დაბრუნების უზრუნველყოფა და ბიზნეს საქმიანობის აღდგენა.“

გახანგრძლივებული კოვიდ-19-ის პანდემია მიმდინარე და მომავალ წელს რეგიონის ზრდის პროგნოზის მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. რისკების შესარბილებლად რეგიონის მთავრობებმა ფართომასშტაბიანი საპასუხო ქმედებები განახორციელეს, მათ შორისაა 3.6 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის სამოქმედო პოლიტიკის მხარდამჭერი პაკეტები, რაც რეგიონის მშპ-ს 15%-ია და უმეტესად შემომავალ დახმარებას წარმოადგენს.

სხვა შემაფერხებელი ფაქტორები მომდინარეობს გეოპოლიტიკური დაძაბულობისგან, მათ შორის აშშ-სა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის გამწვავებული სავაჭრო და ტექნოლოგიური კონფლიქტი, ასევე ფინანსური მოწყვლადობა, რაც შესაძლოა გაამწვავოს გახანგრძლივებულმა პანდემიამ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა იმ ეკონომიკების მცირე ჩამონათვალშია, რომლებიც რეგიონში ზრდას ინარჩუნებენ და მიმდინარე წელს 1.8%-იან, ხოლო მომავალ წელს 7.7%-იან ზრდას ელოდება, რასაც უზრუნველყოფს წარმატებული საჯარო ჯანდაცვის მაჩვენებლები. ინდოეთში საკარანტინე რეჟიმმა სამომხმარებლო და ბიზნესის ხარჯვა შეაფერხა და ფისკალური წლის პირველ კვარტალში, მშპ რეკორდულად — 23.9%-ით შემცირდა. 2020-ის ფისკალურ წელს 9%-ით შემცირებას ელოდებიან, ხოლო 2021-ის ფისკალური წლის 8%-იანი ზრდაა ნავარაუდევი.

განვითარებადი აზიის ქვერეგიონები წელს ნეგატიურ დინამიკას აჩვენებენ, გარდა აღმოსავლეთ აზიისა, სადაც 1.3%-იანი ზრდაა პროგნოზირებული და 2021 წელს 7.0%-იან მყარ აღმასვლას ელიან. ვაჭრობასა და ტურიზმზე მნიშვნელოვნად დამოკიდებული ეკონომიკები, განსაკუთრებით ოკეანეთსა და სამხრეთ აზიაში, წელს ეკონომიკის ორნიშნა ვარდნის საფრთხის წინაშე დგანან. პროგნოზების მიხედვით განვითარებადი აზიის უდიდესი ნაწილი მომავალ წელს ზრდის ტენდენციას დააფიქსირებს, გარდა ოკეანეთის ზოგიერთი ეკონომიკისა, მათ შორისა კუკის კუნძულები, მიკრონეზიის ფედერაციული შტატები, მარშალის კუნძულები, პალაუ, სამოა და ტონგა.

განვითარებული აზიის ინფლაციის პროგნოზი მიმდინარე წლის აპრილის 3.2%-დან განახლებულ ანგარიშში 2.9%-ზე ჩამოვიდა ნავთობზე დაბალი ფასების შენარჩუნებისა და სუსტი მოთხოვნის ფონზე. 2021 წელს ინფლაციის შემდგომი, 2.3%-მდე შემცირებაა ნავარაუდევი.

აზიის განვითარების პროგნოზის 2020 განახლებულ ანგარიშში შეტანილია თემატური თავი „ჯანსაღი ცხოვრება მღელვარე დროში“, სადაც ყურადღება ეთმობა ჯანსაღი ცხოვრების როლს კოვიდ-19-ის მიერ საზოგადოებისადმი მიყენებული მძიმე ფიზიკური და ფსიქიკური ზიანის აღმოფხვრაში. თავში ახსნილია, რომ შესაძლოა ჯანსაღი ცხოვრება ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი ძალა გახდეს თუ რეგიონი ბერკეტად გამოიყენებს ჯანსაღი ცხოვრების არსებულ მდიდარ ტრადიციებს და მთავრობები შესაბამისი პოლიტიკის გატარებას წაახალისებენ.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.