ჯანსაღი ცხოვრების წახალისება განვითარებად აზიაში კოვიდ-19-ის შემდგომი აღდგენის გასაღებია - ADB

პოლიტიკა, რომელიც ახალისებს და ხელს უწყობს ჯანდაცვას და ზოგადად ჯანსაღ ცხოვრებას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის შემდგომი გაჯანსაღებისთვის - ამის შესახებ აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშში.

ADB-ის მთავარი ყოველწლიური პუბლიკაციის აზიის განვითარების პროგნოზის 2020 განახლებულ გამოცემის მიხედვით, ყველასათვის ცნობილი ჯანმრთელობის რისკების გარდა, კოვიდ-19-ის პანდემიამ გაზარდა ადამიანების უმოქმედობა, სტრესი და შფოთვა, რადგან საკარანტინო რეჟიმი და უმუშევრობა ამძაფრებს იზოლირებას, გაურკვევლობას და ეკონომიკურ სიდუხჭირეს. თემატური თავი „ჯანსაღი ცხოვრება მღელვარე დროში“ განიხილავს ჯანსაღი ცხოვრების როლს ადამიანის გონებრივი და ფიზიკური ძალების აღდგენასა და ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობაში.

„ჯანსაღი ცხოვრება ისეთი აქტივობების კომპლექტს გულისხმობს, რომელიც ჯანმრთელობის, ბედნიერებისა და კეთილდღეობის ერთიანობას ქმნის,“ — განაცხადა ADB-ის მთავარმა ეკონომისტმა იასუიუკი სავადამ. — „პანდემიამ შესამჩნევი უარყოფითი გავლენა მოახდინა ადამიანების ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მთავრობების ეკონომიკური ზრდის გეგმები უნდა მოიცავდეს ჯანსაღი განვითარების კომპონენტებს, რაც წაახალისებს ეკონომიკას და ინდივიდსა და საზოგადოებას ერთნაირი წარმატებით წაადგება.“

ანგარიშში ჩამოთვლილია ჯანსაღი ცხოვრების დასამკვიდრებლად მისაღები ზომები, რომელთა ჩართვა სახელმწიფო პოლიტიკაშია შესაძლებელი. მათ შორისაა ჯანსაღად მოწყობილი გარემო, საჯარო ინფრასტრუქტურა ფიზიკური რეკრეაციისთვის, ჯანსაღი კვება და უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემო. დოკუმენტი ასევე განიხილავს შედეგებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში ეკონომიკის აღდგენას და ხაზს უსვამს ჯანსაღი ცხოვრების სისტემური დაგეგმვის მნიშვნელობას, ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის ხანგრძლივად უზრუნველსაყოფად.

რეგიონის მთავრობებს შეუძლიათ წაახალისონ ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურული მოწყობა, რომელიც შეიცავს ტროტუარებს, ველო-ბილიკებს, პარკებს, რეკრეაციულ ცენტრებს და უფასო სპორტულ მოედნებს. ეს რეკრეაციულ ფიზიკურ აქტივობებში რეგულარულად მონაწილე ადამიანების რაოდენობას გაზრდის და მათ ჯანმრთელობას უზრუნველყოფს. ახლა ასეთი ადამიანების რაოდენობა მოსახლეობის 33.2%-ს შეადგენს. ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობი საჯარო ინფრასტრუქტურა და პროგრამები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შედარებით ღარიბი აზიელებისთვისაა, რომლებსაც როგორც წესი ხელი არ მიუწვდებათ ისეთ კერძო სპორტულ დაწესებულებებზე, როგორიც მაგალითად ფიტნეს ცენტრები.

მთავრობებმა ასევე უნდა წაახალისონ ჯანსაღი კვება მომხმარებლების ინფორმირებით საკვებსა და კვების რეჟიმზე. მაგალითად, რეგიონის ზოგიერთი მთავრობა უკვე ზრდის გადასახადს შაქრის მაღალი შემცველობის მქონე სასმელსა და თამბაქოს პროდუქციაზე და ამავდროულად ავალდებულებს მწარმოებლებს მიაწოდონ მომხმარებლებს ინფორმაცია საკვებისა და სასმელი პროდუქტების კვებითი ღირებულების შესახებ და აწარმოონ საჯარო საინფორმაციო კამპანიები. ეს მნიშვნელოვანია, რადგან სიმსუქნით გამოწვეული დაავადების სამკურნალოდ გაწეული წლიური პირდაპირი სამედიცინო ხარჯები რეგიონის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 0.8%-ს შეადგენს. უნივერსალური ჯანდაცვით დაფარვის უზრუნველყოფა ყველა აზიელის ჯანსაღი ცხოვრებით მიღებულ დადებით შედეგებს გააძლიერებს.

და ბოლოს, აზიისა და ოკეანეთის რეგიონის მთავრობები უნდა იღწვოდნენ უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შესაქმნელად დასაქმებულთათვის, განსაკუთრებით კოვიდ-19-ის შემდგომ პერიოდში. 2018 წელს მსოფლიოში დაახლოებით 2.3 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა სამუშაოსთან დაკავშირებული შემთხვევებისა და მისით გამოწვეული დაავადებების შედეგად. აღნიშნული რაოდენობის ორი მესამედი რეგიონზე მოდის. ანგარიშში ნათქვამია, რომ დასაქმებულთა ბედნიერების გაზრდა 0.15 პუნქტითაა (1-დან 10-მდე შკალაზე) შესაძლებელი თუ ერთ სულ მოსახლეზე სამუშაო ადგილის გაჯანსაღებისთვის ამ ეტაპზე დახარჯული თანხა — 11 აშშ დოლარი გაორმაგდება და 22 აშშ დოლარს შეადგენს. ამან შესაძლოა პროდუქტიულობა გაზარდოს.

ჯანსაღი ცხოვრება გლობალური და რეგიონული ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია და კოვიდ-19-ის შემდგომ აღდგენაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული ინდუსტრიები გლობალური მშპ-ს 5%-ს შეადგენს, რაც 2018 წელს 4.5 ტრილიონი აშშ დოლარი იყო და 2017 წელს განვითარებადი აზიის მშპ-ს 11%-ს წარმოადგენდა. ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად 10%-ით იზრდება. მაგალითად, 2017 წელს ჯანსაღი ტურიზმის სფეროში ინდოეთში 3.74 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში — 1.78 მილიონი, ხოლო ტაილანდში 530 000 ადამიანი.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.