ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე ქვეყნის მასშტაბით, დღეიდან კიდევ რამდენიმე ცვლილება/რეგულაცია ამოქმედდა. კერძოდ:
კარანტინის ვადა შემცირდა
დღეიდან, კარანტინის ვადა საქართველოში შემცირდა. კერძოდ, აქამდე კარანტინის ხანგრძლივობა 12 დღე იყო, ახლა კი 8 დღემდე შემცირდა. შესაბამისი გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მთავრობის უწყებათშორისი საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
ახალი სასწავლო წელი დაიწყო, დიდ ქალაქებში კი სწავლა ონლაინ რეჟიმში განახლდა
15 სექტემბრიდან, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში 2020-2021 ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ზოგიერთ ქალაქსა და სოფელში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურ რეჟიმში, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში საკლასო ოთახებში დაიწყო. კერძოდ, დისტანციურად დაიწყო სწავლება - ბათუმში, ქობულეთში, თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ზუგდიდსა და ფოთში. 1-ელი ოქტომბრიდან კი სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში გაგრძელდება.
დღეიდან უცხოელებს საქართველოში შემოსასვლელად PCR ტესტის პასუხი დასჭირდებათ
იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველომ საზღვარი უპირობოდ გაუხსნა, დღეიდან ქვეყანაში შემოსასვლელად PCR ტესტის პასუხი დასჭირდებათ. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე რამდენიმე დღის წინ მიიღო. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა დღეიდან საზღვრის კვეთისას ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR ტესტი უნდა წარმოადგინონ.