Gilead-ი მკერდის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის მწარმოებელ კომპანიას 21 მლრდ დოლარად ყიდულობს

ამერიკული ბიოფარმაცევტული კომპანია Gilead Sciences Inc. 21 მილიარდ დოლaრს გადაუხდის კომპანიას Immunomedics Inc., მისი პრეპარატისთვის, რომელიც გამოიყენება მკერდის კიბოს საწინააღმდეგოდ.

როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ის გადაიხდის 88 დოლარს თითო აქციაზე, რაც 108% -ით მეტია მის ამჟამინდელ ღირებულებაზე. შეთანხმება მოწონებულ იქნა კომპანიების დირექტორთა საბჭოების მიერ და კონტრაქტის საბოლოო გაფორმება მეოთხე კვარტალში მოხდება.

პრეპარატი Immunomedics Trodelvy მიმდინარე წლის აპრილში ნებადართული იქნა შტატებში როგორც მკერდის კიბოს საწინაღმდეგო პრეპარატი. კომპანია ახლა ელოდება ნებართვას მის გამოყენებაზე ევროპაში, უკვე მომავალი წლის მეორე ნახევრიდან. Immunomedics ასევე იკვლევს პრეპარატ Trodelvy-ის გამოყენებას შარდის ბუშტის კიბოს სამკურნალოდ და ასევე ფილტვის კიბოსა და სხვადასხვა სიმსივნეების წინააღმდეგ გამოსაყენებლად..

„აღნიშნული შეთანხმება საშუალებას მისცემს Gilead-ს დივერსიფიცირება მოახდინოს ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პრეპარატების სფეროში“,- განაცხადა კომპანიის თავკაცმა დენიელ ო’დეიმ.

როგორც გაზეთი The Wall Street Journal წერს, მკერდის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების წარმოება არის ყველაზე მომგებიანი სეგმენტი ონკოლოგიურ ფარმაცევტიკაში. გამოცემა წერს, რომ მკერდის კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის წარმოება Gilead-ისთვის უფრო მყარი ბიზნესი იქნება და დააკომპენსირებს მისი შემოსავლების კლებას, რომელსაც ის იღებს ც-ჰეპატიტისა და აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატების გაყიდვებიდან.

Gilead აქამდე ცნობილი იყო როგორც ც-ჰეპატიტისა და აივ-ინფექციის სამკურნალო პრეპარატების მწარმოებელი კომპანია. ცოტა ხნის წინ მან ყურადღება მიიქცია პრეპარატ რემდისივერით, რომელმაც ივლისში მიიღო ნებართვა FDA-სგან, როგორც COVID-19-ის წინააღმდეგ სამკურნალოდ ნებადართულმა პრეპარატმა, აუცილებლობის შემთვევაში.

კოკა კვირკველია