ჩვენ გვინდა დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარება და ჯავშანტექნიკის უფრო სერიოზული წარმოება , - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ღარიბაშვილის განმარტებით, მომზადდა 10-წლიანი განვითარების გეგმა, რომელშიც ახალი თავდაცვითი სისტემების შესყიდვასთან ერთად ავიაციის აღდგენაც შედის.
„არ ეგონოს ვინმეს, რომ ჩვენ მხოლოდ ჯარისკაცების სოციალურ უზრუნველყოფაზე ვართ გადასულები, არამედ შეიარაღება არის ერთ-ერთი მთავარი, ასევე საბრძოლო მზადება და ჩვენი ჯარისკაცების მომზადება. ამაზე ვარ გადართული მაქსიმალურად. გავაკეთებინე 10 - წლიანი განვითარების გეგმა, როგორი უნდა იყოს თავდაცვის ძალები 2030 წელს და მანამდე როგორ მივდივართ.
უკვე დავიწყეთ ჩვენ სერიოზული სისტემების შესყიდვა, წელს დავამატეთ ჯაველინები, ამის გარდა, რამდენიმე დღის წინ მე გავაფორმე კონტრაქტი ისრაელის კომპანია „რაფაელთან“, ჩვენი საზენიტო - სარაკეტო სისტემების მოდერნიზებასთან დაკავშირებით, სრულად მოდერნიზებული სისტემები გვექნება ჩვენ ერთ წელიწადში. ავიაციის აღდგენა დავიწყე, რომელიც ასევე მიტოვებული იყო, სამწუხაროდ, და არავინ არ საუბრობდა ამის თაობაზე, იქნება ეს „სუ-25“-ების თუ „მი-24“-ების, ასევე ამერიკული ვერტმფრენების სრული აღდგენა. ჩვენ ასევე დავიწყეთ ძალიან აქტიური მუშაობა დელტაში სამხედრო მრეწველობის მიმართულებით.
გვინდა დრონების ადგილობრივი წარმოების განვითარება და ჯავშანტექნიკის უფრო სერიოზული წარმოება. ჩვენ მომავალ წელს უკვე შევძლებთ ამერიკული ინსტრუქტორების გარეშე ჩვენი სამხედროების გადამზადებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მინისტრის თქმით, მან ჩამოაყალიბა კომპლექსური ხედვა, რომელიც დიდწილად ჯარისკაცებზე ზრუნვაზე არის დამყარებული. ამასთანავე ღარიბაშვილმა წლების განმავლობაში დაშვებულ შეცდომაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ჯარისთვის მეტი ყურადღება უნდა მიექცია.
„ამ ერთი წლის განმავლობაში, თამამად შეიძლება, ითქვას, სრული პასუხისმგებლობით, ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე, რომ სრული აღმშენებლობა დავიწყეთ ჯარში. მე ჩამოვაყალიბე კომპლექსური ხედვა მისვლისთანავე და ეს ხედვა მე დავაფუძნე, პირველ რიგში, ჯარისკაცებზე ზრუნვას - იქნებოდა ეს ხელფასების გაზრდა, მათი სოციალური პირობების გაუმჯობესება, იქნებოდა ეს ყველაზე უნივერსალური დაზღვევის პაკეტი. გარდა ამისა, მახათას მთაზე ვიწყებთ აქტიურად მუშაობას ათას ბინაზე.
ჯარისკაცების აღჭურვილობასა და ფორმებს რაც შეეხება, ამაზე მაღალი სტანდარტი არ არსებობს, ეს არის ევროკავშირისა და ნატოს სტანდარტი.
რაც შეეხება ყაზარმებს, 250 ობიექტზე მიდის ამჟამად გამალებული რემონტი და ყველა ის სტანდარტი და ხარისხი, რომელიც მე იქ დავაწესე, არის ნატოსთან თავსებადი.
რომ მეკითხებით რა შეცდომა დაუშვითო, მიმაჩნია რომ უფრო მეტი ყურადღება უნდა ყოფილიყო ჯართან მიმართებით, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამის კომპენსირება შევძელი და მოვახერხე ჩემს გუნდთან ერთად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.