მსოფლიო ტურიზმის სექტორმა 2020 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით 460 მილიარდი აშშ დოლარი დაკარგა, - ამის შესახებ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში განაცხადეს.
ორგანიზაციის ინფორმაციით, ზარალი კორონავირუსის პანდემიის გამო მსოფლიოში საერთაშორისო მოგზაურობის შემცირებისგანაა გამოწვეული.
„2020 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობაზე მოთხოვნის მასიურმა შემცირებამ დაახლოებით 460 მილიარდი აშშ დოლარის ზარალი გამოიწვია,“- აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, 2020 წლის პირველ ნახევარში ტურისტების საერთაშორისო მგზავრობის მაჩვენებელი 65%-ით შემცირდა.
ყველაზე მეტად აზია და წყნარი ოკეანის რეგიონი დაზარალდნენ, სადაც, წლის პირველ ნახევარში, ტურისტების რაოდენობა 72%-ით შემცირდა, მეორე ადგილზეა ევროპა - 66%-იანი კლებით, მესამეზე კი ამერიკა, სადაც აღნიშნულ პერიოდში ტურისტების რაოდენობა 55%-ით შემცირდა, აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში კი ტურისტების რიცხვმა 57%-ით იკლო.