„ტურისტულ სექტორს გვერდით დავუდგებით სხვადასხვა პროგრამით, საგადასახადო ვალდებულებების გადავადებით თუ სხვა შეღავათებით"

ჩვენ ტურისტულ სექტორს გვერდით ვედექით და დავუდგებით სხვადასხვა პროგრამით, საგადასახადო ვალდებულებების გადავადებით თუ სხვა შეღავათებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე სხდომის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ტურიზმის სფერო, არსებული კონკურენციის გამოწვევების თვალსაზრისით, იქნება ერთ-ერთი ლიდერი და პრეტენზია ექნება, რომ გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა იყოს.

„საქართველომ გლობალური პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში თავიდანვე ორი უმთავრესი მიზანი დაისახა, მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვა და ეკონომიკის გადარჩენა. მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ტურიზმს ერთ-ერთი წამყვანი როლი ჰქონდა და ექნება, ვიდრე გლობალურად ტურიზმის აღდგენის ტენდენციები არ გამოჩნდება“,-განაცხადა პრემიერმა.