Duty Free-ს დამფუძნებელმა მთელი ქონება ქველმოქმედებაზე დახარჯა

ამერიკელმა ფილანტროპმა, მილიარდერმა და დაუბეგრავი ვაჭრობის მაღაზიათა ქსელის Duty Free Shoppers-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ჩარლზ ფინიმ მთელი თავისი ქონება ქველმოქმედებაზე დახარჯა. ამის შესახებ Forbes-ი წერს.

გამოცემის ცნობით, 89 წლის ფინი, რომელმაც 1960 წელს კომპანია Duty Free Shoppers-ი რობერტ მილერთან ერთად დააარსა და მრავალმილიარდიანი ქონება დააგროვა, მოკრძალებულად ცხოვრობდა. გამოცემის ინფორმაციით, ბოლო 40 წელი ფინიმ სულ ცოტა 8 მილიარდი დოლარი შესწირა სხვადასხვა ტიპის ქველმოქმედებას, მათ შორის, ეხმარებოდა ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებს საკუთარი ფონდის Atlantic Philanthropies საშუალებით. ამასთან, როგორც Forbes-ი აღნიშნავს, მის მიერ გადარიცხული ფულადი სახსრები მის ამჟამინდელ ქონებას რამდენჯერმე აღემატება. თანაც აღსანიშნავია, რომ ის თანხას ანონიმურად სწირავდა. როგორც ჩანს, სწორედ ამიტომ უწოდა მას Forbes-მა ფილანტროპიის ჯეიმს ბონდი.

გამოცემის ცნობითვე, ფინის მსხვილმა შენატანებმა იქონია სწორედ გავლენა Microsoft-ს დამფუძნებელ ბილ გეითსზე, რომელმაც თავის მხრივ, უორენ ბაფეტთან ერთად დაიწყო კამპანია „ჩუქების ფიცი“, რომლის ფარგლებშიც ისინი მოუწოდებდნენ მილიარდერებს ქონების ნახევარზე მეტი გაეღოთ ქველმოქმედებაზე.

2020 წლის 14 სექტემბერს ფინიმ ხელი მოაწერა Atlantic Philanthropies-ის დახურვას. ჩარლს ფინი 1931 წელს ნიუ-ჯერსიში დაიბადა. მან სახელი გაითქვა მისი მოკრძალებული ცხოვრების წესით, რომელიც უჩვეულო იყო მისი სტატუსის მქონე ადამიანისთვის. მან 1984 წელს Duty Free Shoppers-ის აქციების 38% The Atlantic Philanthropies გადასცა და ქველმოქმედების პირველი 15 წელი საგულდაგულოდ მალავდა ვინაობას.

კოკა კვირკველია